ისტორიის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0001-2899-8963
nino.barnovi@gmail.com

სემიოლოგიის მეთოდები: „დაუსწრებელი“  სტრუქტურა  და პროცესი  (უმბერტო ეკოს მიხედვით)

ოპერატივისტული სემიოლოგია გვაძლევს მოდელს მნიშვნელობის წარმომქმნელი მექანიზმისა, რომელიც წარმოადგენს კომუნიკაციურ ჯაჭვს.  ეს მოდელი გულისხმობს, რომ ადრესატთან წვდომის დროს შეტყობინება „ცარიელია“. მაგრამ ეს არაა უფსკრულის სიცარიელე, ეს არის გარკვეული მნიშვნელობების შემქმნელი აპარატის მზადყოფნა მუშაობისთვის, აპარატისა, რიმელიც ჯერ არაა გაშუქებული ჩემ მიერ შერჩეული კოდებით, რომლებიც მის აზრს, მის არსს გამიშუქებენ. 

მაგრამ  როგორ მივხვდები მე, ადრესატი, რომ ეს შინაარსის შემქმნელი მექანიზმია?  -  იმის დახმარებით, რომ  მისი მიღების მომენტში მე ვაშუქებ მას გარკვეული ფუნდამენტური  კოდებით. მაგრამ რა მნიშვნელობებს აღვიქვამთ ჩვენ?  შეტყობინებისათვის რაღაც კოდის მიყენება უკვე წარმოადგენს გარკვეულ სტრუქტურულ ჰიპოთეზას, რომელიც სულაც არ არის ნაკლებ სარისკო  და საინტერესო იმის გამო, რომ ჩვენ მას, როგორც წესი, ვიყენებთ ბრმად, სათუოდ,  კოდის შემოთავაზება  -  ეს არ არის ჰიპოთეზის შექმნა და წარმოდგენა, თუ რა გამოვა აქედან. წარდგენილი კოდი გამოავლენს განსაზღვრულ მნიშვნელობებს, მაგრამ შემდეგ დაუპირისპირდება სხვა კოდებს, ლექსიკოდებსა და ქველექსიკოდებს იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ კონოტაციური შესაძლებლობების სრულ  ამოწურვაში. ამ დროს მოძრაობის, მოქმედების დაწყება უკავშირდება იმას, რომ შეტყობინება  -  გაცნობიერებული შეტყობინება (ხელოვნების ქმნილება) ანდა გაუცნობიერებელი შეტყობინება (ნათესაობის მიმართება)  -  ეჯახება სოციალური კონვენციების , ე.ი. კოდების და ვითარებების, მძლავრ აისბერგებს, რომლებიც განაპირობებენ კოდების შერჩევას და  წარმოადგენენ რეფერენციების ისეთ პარამეტრს, რომელიც ავიწროებს, ზღუდავს ძიებას, თუმცა სულაც არ განსაზღვრავს ცალსახად შეტყობინების შინაარსს.

უმბერტო ეკოს აზრით, ხაზგასასმელია ისიც, რომ აღსანიშნის ე.წ.  „მცდარი შთაბეჭდილება“ ვრცელდება სემიოლოგიის ისეთ განშტოებაზე, რომელიც თითქოსდა დაზღვეულია ამისგან, კერძოდ, სემანტიკაზე, როგორც მეცნიერებაზე მნიშვნელობების შესახებ. როდესაც სტრუქტურული სემანტიკა ცდილობს მნიშვნელობათა ერთეულების სისტემატიზაციაში მოყვანას, ჩნდება დიდი ცდუნება, ჩავთვალოთ,  -  რახან ჩვენ წინაშეა სისტემა,  -  რომ საქმე გვაქვს  ცალსახად განსაზღვრულ რეალობასთან.

მაგალითისათვის უ.ეკოს მოჰყავს კლოდ ბრემონის საყვედურები ავტორებს, რომლებიც ცდილობენ ყურანის ტექსტების სტრუქტურული და სემანტიკური ანალიზის ჩატარებას პერფობარათების გამოყენებით. 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უმბერტო ეკო იხრება იმ მოსაზრებისაკენ, რომ  ოპერატივისტული მიდგომა წარმოგვიდგება გამორჩეულად ეფექტურად, რადგანაც არ გამორიცხავს განსხვავებულ მიდგომებს. ჩვენ შეიძლება დავინტერესდეთ  დამკვიდრებული კოდების ახალ კომუნიკაციურ სტრუქტურებში გარდასახვის შესწავლით.

 

საკვანძო სიტყვები: სემიოლოგიური კვლევა, კომუნიკაციური ჯაჭვი, „დაუსწრებელი, ცარიელი სტრუქტურა“, რეფერენცია, კომუნიკაციური უნივერსალია, კონვენცია.