ფილოლოგიის დოქტორი
გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქუთაისი, საქართველო
ORCID: 0009-0008-3494-9384
ninokvirikadze@yahoo.com
ფილოლოგიის დოქტორი
გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქუთაისი, საქართველო
ORCID: 0009-0008-3494-9384
ninokvirikadze@yahoo.com
“პატარა ადამიანის” თემა XIX საუკუნის ქართულ და გერმანულ ლიტერატურაში (აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, თომას მანი)
კვლევის საგანს წარმოადგენს „პატარა ადამიანის“ თემა XIX საუკუნის ქართულ და გერმანულ ლიტერატურაში (აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და თომას მანის მოთხრობების მიხედვით). მიიჩნევენ, რომ რუსულ ლიტერატურაში შექმნილმა „პატარა ადამიანის“ სახემ გავლენა მოახდინა ქართულ პროზაზე და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებშიც დასტურდება ეს ფენომენი. აღნიშნული თემა ჩნდება რეალიზმის განვითარებასთან ერთად, სადაც დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პერსონაჟები, ხშირად ჩინოვნიკები, მწერალთა ყურადღების ობიექტები ხდებიან. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული ლიტერატურაც იჩენდა ინტერესს ამ თემისადმი. „პატარა ადამიანის“ სახის ტრადიციული ლიტერატურათმცოდნეობითი განმარტება ჩვეულებრივ ასეთია: „ეს არის დაბალი სოციალური მდგომარეობისა და წარმოშობის მქონე ადამიანი, დაუცველი, რომელსაც არ გააჩნია განსაკუთრებული მონაცემები, მაგრამ უბოროტო და უწყინარია“. თუმცა სინამდვილეში „პატარა ადამიანი“ ბევრად უფრო მრავალწახნაგოვანი სახეა, ძნელია მისცე მას ამომწურავი ახსნა, თითოეულ მწერალთან ის თავისებურად ისახება. ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ „პატარა ადამიანის“ თემის კონტექსტში პირველადაა მოცემული ცნობილ მწერალთა სამი მოთხრობის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი, ესენია: აკაკი წერეთლის „ძველი ჩინოვნიკის აღსარება“ (1875), ვაჟა-ფშაველას „ბაგრატ ზახარიჩის სიკვდილი“ (1889) და თომას მანის „პატარა ბატონი ფრიდემანი“ (1897). სიახლე არის აგრეთვე ისიც, რომ აღნიშნული თემა განიხილება დასახელებული მოთხრობების სათაურების ჭრილში სტრუქტურულ-სემანტიკური მეთოდის მეშვეობით. კვლევის საფუძველია ვ.ვინოგრადოვის სიტყვათა რიგის თეორია. ჩვენი მიზანია, განვიხილოთ „პატარა ადამიანის“ თემის კონტექსტში თითოეული დასახელებული მოთხრობის სათაური; თვალი გავადევნოთ სამივე სათაურის, როგორც დეტალების მოძრაობას შესაბამისი მოთხრობის მთელ ტექსტობრივ სივრცეში; გამოვავლინოთ მათი სემანტიკა ცალკეულ ფრაგმენტებში ნაწარმოების შინაარსთან მჭიდრო კავშირში და დავაფიქსიროთ ისინი სიტყვათა რიგების შემადგენლობაში. ანალიზის შედეგად ვასკვნით, რომ როგორც აკაკი წერეთელთან, ასევე ვაჟა-ფშაველასთან ნაჩვენებია „პატარა ადამიანების“ ტრადიციული სახეები, მაგრამ ამ ხატის ინტერპრეტაციაში მათ საკუთარი ნიუანსები შეაქვთ. აკაკი წერეთელი, მაგალითად, „ძველი ჩინოვნიკის აღსარებაში“ წინ წამოსწევს ისტორიულ-ეროვნულ პრობლემატიკას, ვაჟა-ფშაველა კი მოთხრობაში „ბაგრატ ზახარიჩის სიკვდილი“ აყენებს ეპოქის გლობალურ ეგზისტენციალურ პრობლემას. „პატარა ადამიანის“ თემის თავისებურ ახლებურ გააზრებას ვპოულობთ თომას მანის მოთხრობაში „პატარა ბატონი ფრიდემანი“. აქ მთავარი გმირი უკვე აღარ არის წვრილი ჩინოვნიკი, არამედ საშუალო ბიურგერია, საშუალო შეძლების ადამიანი. პატარა ბატონი ფრიდემანი პატარა ფირმის თანამფლობელია, რითაც მისი შესაძლებლობები, ფაქტობრივად, იწურება, მას მეტი გაქანება არ აქვს. ის ასე ხასიათდება: შეუხედავი გარეგნობა, სიმახინჯე, გულჩათხრობილობა, ადამიანებისაგან განრიდება, დარღვეული ფსიქიკა. ეს არის კონკრეტული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე ადამიანი ‒ ტრავმისა, რომელიც მას გარემოცვის ზემოქმედების ქვეშ ჩამოუყალიბდა. თომას მანი აჩვენებს, თუ როგორ გავლენას ახდენს დეკადენტური განწყობა, ილუზიების მსხვრევა ადამიანის ფსიქიკაზე. მწერალი ამ მოთხრობაში ფსიქოლოგიური ანალიზის მეშვეობით აღრმავებს და აფართოებს „პატარა ადამიანის“ კონცეფციას იმით, რომ გააქვს ეს კონცეფცია სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის ფარგლებს გარეთ. მისი „პატარა ადამიანი“ ცდილობს, იპოვოს თავის ცხოვრებაში უფრო ღრმა აზრი და მოიპოვოს ბედნიერება ‒ კონკრეტულად სიყვარულში, მაგრამ მარცხს განიცდის. როგორც ვხედავთ, „პატარა ადამიანის“ თემა ქართულ და გერმანულ ლიტერატურაში ასახავს თითოეული კულტურის უნიკალურ სოციალურ და ისტორიულ კონტექსტს.