ისტორიის დოქტორი
ასისტენტ-პროფესორი / ასისტენტ-მკვლევარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA); გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0002-3076-965X
n.khoperia@gipa.ge

დავით აღმაშენებლის ეპოქის ყივჩაღი მეომარი

დავით აღმაშენებლის სტრატეგიული კავშირი ყივჩაღ მომთაბარეებთან წარმოადგენს საქართველოს სამხედრო და პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვან გარდატეხას. ყივჩაღთა ინტეგრაცია ქართულ ჯარში სელჩუკთა მუდმივი საფრთხის საპასუხოდ განხორციელდა. პონტო-კასპიის სტეპები მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო სხვადასხვა მომთაბარე ტომების საცხოვრებელი, რომლებიც მუდმივად მოძრაობდნენ, ებრძოდნენ ერთმანეთს ან თავს ესხმოდნენ მეზობელ სახელმწიფოებს. კავკასიონის უღელტეხილები წარმოადგენდა მომთაბარეთა შესაკავებელ ბუნებრივ ბარიერს, თუმცა საჭირო იყო მათი მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს გზებისა და დარიალისა და დარუბანდის უღელტეხილების მიმართულებით. ეს კონტროლი ხშირად არა მხოლოდ ადგილობრივ მმართველებს, არამედ დიდი იმპერიების მონარქებსაც ეხებოდა, როგორებიც იყვნენ: ბიზანტია, სასანური ირანი ან აბასიანთა სახალიფო.

ქართველ მეფეებს ხშირად უხდებოდათ რთული ურთიერთობების მართვა მომთაბარეებთან, მათ შორის ალანებთან, ჰუნებთან, ხაზარებსა და ყივჩაღებთან. ზოგჯერ მათთან საბრძოლო კონფლიქტებში ჩნდებოდნენ, ზოგჯერ კი მოკავშირეებად ან დაქირავებულ მეომრებად იყენებდნენ. XI–XII საუკუნეებში პონტო-კასპიის სტეპებში დომინირებდნენ პაჭანიკი და ყივჩაღი ურდოები, რომლებიც თავს ესხმოდნენ კიევის სამთავროსა და ბიზანტიის იმპერიას. კიევის გაძლიერებასთან ერთად ყივჩაღები ხშირად განიცდიდნენ მარცხს და იძულებულები იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთით გადასახლებულიყვნენ. დავით აღმაშენებელმა გამოიჩინა პოლიტიკურად გამჭრიახი მიდგომა, მათ კავკასიონს მიღმა დასახლება შესთავაზა და ქართულ ჯარში ინტეგრაცია მოახდინა.

ყივჩაღთა შემოყვანამ ქართულ ჯარს მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობები შეუქმნა: სწრაფი გადაადგილება, კომპოზიტური მშვილდის გამოყენება ცხენიდან სროლისთვის, მსუბუქი და მძიმე მხედრობა, მაღალი მანევრულობა და მოულოდნელი თავდასხმის უნარი. ათრაქას ურდომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დავით აღმაშენებლის კამპანიებში თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ არა მხოლოდ როგორც ძალის გამრავლება, არამედ ერთგული უცხო გვარდიის ჩამოყალიბების საშუალება. მოხსენებაში განხილული იქნება ყივჩაღთა სამხედრო საქმე, შეიარაღება, ბრძოლის მეთოდები და ქართული არმიისთვის მათ მიერ შექმნილი უპირატესობები.

 

საკვანძო სიტყვები: დავით აღმაშენებელი, ყივჩაღები, სელჩუკები, მომთაბარეები.