ფილოლოგიის დოქტორი
ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თსუ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0002-9749-2648
ფილოლოგიის დოქტორი
ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თსუ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0002-9749-2648
მევენახეობის ამსახველი ტოპონიმია საქართველოში: კულტურულ-ენობრივი მემკვიდრეობის კვლევა, გამოყენების პერსპექტივები, პოპულარიზაცია
მევენახეობის ამსახველი ტოპონიმია საქართველოში: კულტურულ-ენობრივი მემკვიდრეობის კვლევა, გამოყენების პერსპექტივები, პოპულარიზაცია აბსტრაქტი ტოპონიმი ენობრივი დოკუმენტია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, საუკუნეებს უძლებს და ინახავს მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორც ენობრივი, ისე გარეენობრივი (ექსტრალინგვისტური) თვალსაზრისით. ტოპონიმიკის ძირითადი ნაწილი იმ ეთნოსების მიერაა შექმნილი, რომლებიც ისტორიულად ბინადრობდნენ კონკრეტულ ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ტოპონიმთა მეცნიერული ანალიზი მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციული ყოფისა და ეთნიკური პროცესების კომპლექსური შესწავლისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველოლოგიაში ტოპონიმიკას არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა მიეძღვნა, დღეს აქტუალური ჩანს ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა: (1) ტოპონიმების ანალიზი კულტუროლოგიური პერსპექტივით; (2) შედეგების პრაქტიკული გამოყენება (საგანმანათლებლო, ტურისტული, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით) და (3) მათი პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში. ამ ეტაპზე განხილულია ტოპონიმები, რომელთა ფუძეა „ვენახი“. ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ფართოდ არის წარმოდგენილი ისტორიული საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის, მთიანეთში. მსგავსი ტოპონიმები დასტურდება ძველ ქართულ წერილობით წყაროებსა და ქართველური (მეგრულ-ლაზური, სვანური) ენების ტოპონიმიურ სისტემაში. მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი ტოპონიმი დღეს აღარ ასახავს ვენახის რეალურ არსებობას, თუმცა ინახავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაზის ისტორიული გავრცელების, ვენახის მოშენებისა და სხვა საკითხების შესახებ. დასკვნის სახით აღსანიშნავია, რომ ვენახთან დაკავშირებული სახელდების მოდელები ემყარება ზოგად ქართველურ სიტყვის წარმომქმნელ კანონზომიერებებს (ნა-ვენახ-ევ-ი, ვენახ-ებ-ი, ვენახ-იან-ი, ვენახ-ოვან-ი...), თუმცა ასახავს რეგიონულ სპეციფიკასაც (კახ. ნა-ვენახ-რ-ევ-ი). „ვენახ“-ის გარდა, ტოპონიმიური მასალა ავლენს სხვა საწარმოქმნო ფუძეებსაც, რომლებიც ვენახის მოშენებას უკავშირდება (მაგ. ბაგა, ფუძე და სხვ.). კვლევის შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ვენახის მოშენება უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ისტორიული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ქართველთა ტრადიციული მეურნეობის საყრდენს წარმოადგენდა, ელექტრონული ატლასი კი ამის თვალსაჩინო მტკიცებულებად მოიაზრება. აღნიშნული მასალის გამოყენება დიდ პოტენციალს ფლობს საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ტოპონიმებით დანახული საქართველო“, რომლის ფარგლებშიც ჩატარებულმა არაფორმალურმა გაკვეთილებმა („მოდი, ვნახოთ ვენახი“) რამდენიმე საკვირაო სკოლაში, დიდი დაინტერესება გამოიწვია და თემის შემდგომი განვითარების კარგი საფუძველი შექმნა. მეცნიერული სიახლე და პრაქტიკული ღირებულება. კვლევა ინოვაციურია როგორც თემატური მიმართულებით, ისე მეთოდოლოგიურად: პირველად ხორციელდება ვენახთან დაკავშირებული ტოპონიმების სისტემური ანალიზი კულტურულ-ენობრივი პერსპექტივით, რაც ტოპონიმიას განიხილავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დინამიკაში. მნიშვნელოვანი სიახლეა პრაქტიკული კომპონენტიც — ვაზის კულტურასთან დაკავშირებული მიკროტოპონიმების ელექტრონული ატლასის შექმნა და მიღებული შედეგების ინტეგრირება არაფორმალურ განათლებაში.
საკვანძო სიტყვები: საქართველოს ტოპონიმია, კულტურულ-ენობრივი მემკვიდრეობა, მევენახეობა, პოპულარიზაცია.