ისტორიის დოქტორი
პროფესორი
კავკასიის უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
bkudava@artanuji.ge

მეფის გარდაცვალება საქართველოში - მნიშვნელოვანი მოვლენა უმნიშვნელო ცნობებით

სახელმწიფოს მეთაურის გარდაცვალება, მით უფრო ძველ დროსა და მონარქიულ ქვეყანაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამით ერთი ეპოქა სრულდებოდა და იქვე ახალი, შიდა და გარე გამოწვევებით აღსავსე პერიოდი იწყებოდა. ამ მნიშვნელობასთან შედარებით თითქოს შეუსაბამოდ მწირია ქართველ მემატიანეთა ცნობები მეფეთა გარდაცვალების მიზეზებისა და სხვა დეტალების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში მიზეზი არცაა დასახელებული, თუმცა ლოგიკურად  უმთავრესად ასაკი ან ავადობა („სენი“) უნდა ვიგულისხმოთ. სავარაუდოდ, ცნობათა ნაკლებობა გარკვეულწილად ამ „ბანალურობითაც“ აიხსნება. წყაროებში აქა-იქ გვხვდება სხვა მიზეზებიც, მათ შორის - ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაცვალება. თითქმის არ გვაქვს საკუთრივ ბრძოლაში დაღუპვის შემთხვევები, რაც ერთობ მნიშვნელოვან ნიუანსად გამოდგება მეფის, როგორც მთავარსარდლის, როლის გააზრების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვაქვს მკვლელობის, ტყვეობასა თუ ემიგრაციაში გარდაცვალების საყოველთაოდ ცნობილი მაგალითებიც. ძუნწი ცნობები, მსოფლიო ისტორიის მდიდარი გამოცდილება, ძალაუფლებისთვის ბრძოლის უზოგადესი წესები, იშვიათად - უცხოური წყაროების განსხვავებული მონაცემები, ხანაც - მემატიანეთა დუმილი, ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის რამდენიმე ქართველი მონარქის უცაბედი გარდაცვალების ალტერნატიული ვერსიების განსავითარებლად. ერთი მხრივ, შიდადინასტიური / შინაფეოდალური დაპირისპირების, მეორე მხრივ კი - საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, დასაშვებად მიმაჩნია მტკიცება, რომ რამდენიმე ქართველი მეფე (დავით კურაპალატი, გიორგი I, დავით V, ლაშა-გიორგი, დემეტრე II, ვახტანგ II) შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მაშინაც კი, როდესაც ასეთი შემთხვევები გარედან მართული ჩანს, ცხადია, პროცესებში ადგილობრივი ძალების ჩართულობაც უნდა ვიგულისხმოთ. ბუნებრივია, შეთქმულებები სულ იქნებოდა და მსგავსი ვერსიების განხილვა სხვა მეფეებზე, დედოფლებზე, უფლისწულებსა და სამეფო გვარის სხვა წარმომადგენლებზეც არის შესაძლებელი. მართალია, ძველ დროში, როცა მედიცინა სუსტად იყო განვითარებული, უცაბედი დასნეულება თუ გარდაცვალება ჩვეული რამ იყო, და არც ტრაგიკული შემთხვევებისგან გახლდათ ვინმე დაზღვეული, თუმცა ისიც გასაგებია, რომ მონარქის მოულოდნელმა (მით უფრო, ახალგაზრდულ ასაკში) გარდაცვალებამ ყოველთვის შეიძლება აღძრას ეჭვები. ნიშანდობლივია, რომ ქართულ წყაროებს თითქმის არასოდეს უჩნდებათ მსგავსი კითხვები. ისინი დუმილით უვლიან გვერდს ისეთ შემთხვევებსაც, რომლებზეც უცხოურ წყაროთა მითითებები არსებობს. მათ თხზულებებში არც ალტერნატიული მოსაზრებების დასახელება და მისი გაქარწყლება გვხვდება. როგორც ჩანს, მსგავს ეპიზოდებს, სხვა არასასურველი ინფორმაციის მსგავსად, სამეფო კარის მკაცრი ცენზურის პირობებში გააზრებულად უვლიდნენ გვერდს. სხვა ვერსიების ხსენებაც იკრძალებოდა, რაც, თავის მხრივ, პროცესებში სამეფო ოჯახის წევრთა როლზეც მიუთითებს. შედეგად, „გამარჯვებული მხარის“ ნარატივი მკვიდრდებოდა, შეთქმულების მსხვერპლთა სიმართლე კი აღარავის ახსოვდა.

 

საკვანძო სიტყვები: საქართველოს ისტორია, ქართველი მეფე.