აკადემიური დოქტორი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0007-2448-6243
mar.gvelesiani@ug.edu.ge

ასპავრუკ პიტიახშის სატევრის ქარქაშის გარსაკრავი არმაზისხევის N1 სამარხიდან

1940 წელს მცხეთასთან, არმაზისხევში, გამოიკვლიეს აკლდამა, რომელიც, აღმოჩენილი საბეჭდავი ბეჭდის წარწერის („ასპავრუკ პიტიახში“) მიხედვით, ასპავრუკ პიტიახშის სამარხად განისაზღვრა (სამარხი N1, ახ.წ. II–III სს.).

სამარხეულ ინვენტარში გამორჩეულია ასპავრუკ პიტიახშის სატევრის ქარქაშის გარსაკრავი, დამზადებული სქელი ოქროს ფურცლისგან. გარსაკრავი ქვემოთ ვიწროვდება, ზემოთ ორი ჰორიზონტალური შვერილია, ქვედა ნაწილშიც მსგავსი, მომრგვალებული შვერილები. ვერტიკალურ ღერძზე განთავსებულია ოქროს კვადრატული ბუდეები მწვანე მინის თვლებით. შვერილების კიდეები წითელი გრანატებითაა გამოხატული, ქვები ჩასმულია ტიხრული ინკრუსტაციით.

ძვირფასი ლითონის იარაღები მმართველი კლასის სამარხებში პარადულ-საცერემონიო და რიტუალური დანიშნულების იყო, სიმდიდრისა და მაღალი სოციალური სტატუსის ინსიგნიას წარმოადგენდა. მსგავსად, V ს. „ლამაზი გორის“ ბარელიეფზე პიტიახშის ფიგურას სატევარი ხელში აქვს, რაც ადასტურებს მის რიტუალურ მნიშვნელობას.

ოთხშვერილიანი სატევრები ჩნდება ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან, ფართოდ ვრცელდება ავღანეთში, დასავლეთ ციმბირსა და ჩრდილო შავიზღვისპირეთში. მსგავსი გარსაკრავები ცნობილი იყო კომაგენაში, პართიასა და სხვა აზიური სამეფოების ქანდაკებებში, ასევე სარმატთა სამარხებში, როგორც ინსიგნიები და ცერემონიული ატრიბუტები. არმაზისხევის გარსაკრავი განსხვავდება სარმატულ „ოქრო-ფირუზის“ სტილისგან: დეკორი მკაცრად თავშეკავებულია, ხაზს უსვამს გარსაკრავის მონოლითურ სიმტკიცესა და სტრუქტურას.

 

საკვანძო სიტყვები: არმაზისხევი, სატევარი, გარსაკრავი, ინსიგნია, ინკრუსტაცია.