ანდრო გოგოლაძე

ისტორიის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0009-9543-5608
a.gogoladze@ug.edu.ge 

 

თეა წითლანაძე

ისტორიის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
თსუ, მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0009-9127-2987
tea.tsitlanadze@tsu.ge

საქართველოს სამეფოს ისტორიულ-გეოგრაფიული სურათი ჯვაროსნული ლეგენდის ევოლუციაში

ჩვენი მოხსენების მიზანია, განვიხილოთ XII საუკუნის ჯვაროსნულ აღმოსავლეთში წარმოქმნილი მეფე-ხუცესის ცნობილი ლეგენდის ევოლუციის ეტაპები, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში მისი მესიანისტური ფიგურისა და მისი სამყაროს ისტორიულ-გეოგრაფიული სურათი შუა საუკუნეების საზოგადოების წარმოდგენებში.

იოანე პრესვიტერი, ევროპელთათვის აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანი მეფე-ხუცესი (მეფე-მღვდელი), რომლის ამბავი მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის წინ გავრცელდა დასავლეთ ევროპაში წმინდა მიწიდან, ჯვაროსნულ სამყაროს მხსნელად ევლინება. მისი უცნობი მესიანისტური სახე ცენტრალური ფიგურაა XII–XIII საუკუნეების ლეგენდარულ ისტორიებში, რომლებიც ევოლუციას განიცდიან ჯვაროსნული ომების კონტექსტში. XIII საუკუნიდან ეს როლი მის მემკვიდრე პროტოტიპს მეფე დავითს ეკუთვნის, რომლის სახელითაც დასავლეთში ახალი, აღმოსავლური მესია იგულისხმება.

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ იოანე პრესვიტერისა და მეფე დავითის ლეგენდები არა მხოლოდ ისტორიული ფაქტების გადმოცემაა, არამედ მოლოდინების დამკვიდრების ინსტრუმენტია, რაც გავლენას ახდენდა იმ დროის დიპლომატიურ ურთიერთობებზე ჯვაროსნულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთის ქრისტიანულ სამეფოებს შორის. აქცენტი გამახვილებულია საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულ-პოლიტიკურ სინამდვილეზე, კერძოდ, დავით IV აღმაშენებლისა და გიორგი IV-ლაშას მმართველობაზე, და როგორ აისახებოდა საქართველოს სამეფოს მნიშვნელობა ჯვაროსნულ იდეალებში.

გარდა ტექსტუალურ წყაროებზე აქცენტის, განხილულია ვიზუალური მასალაც, კერძოდ, ევროპული რუკები და პორტოლანები XIII–XV საუკუნეების პერიოდში. ისინი მნიშვნელოვანია ლეგენდის წარმოშობის, საფუძვლებისა და ევოლუციის შესწავლისთვის, აჩვენებს, როგორ ხედავდნენ ქრისტიანულ დასავლეთში აღმოსავლეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ სურათს, მათ შორის საქართველოს სამეფოს ადგილს.

 

საკვანძო სიტყვები: იოანე პრესვიტერი, მესიანიზმი, ჯვაროსნული ომები, საქართველო, პორტოლანები, რუკები.