მეცნიერი თანამშრომელი
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0002-7831-3202
Oragvelidzeeka97@gmail.com

თავისუფლების კონცეპტები მერაბ კოსტავას პოეზიაში

მერაბ კოსტავას პოეზიის განმსაზღვრელი თემა თავისუფლებაა. საანალიზო საკითხის ნათელსაყოფად მისი შემოქმედების შესწავლისას იკვეთება რამდენიმე ასპექტი: თავისუფლება, როგორც პიროვნული განვითარებისა და ადამიანში ღვთაებრივი საწყისის აღმოჩენის გზა. ამ თვალსაზირისით საინტერესოა პოეტის შემოქმედებაში არსებული ბიბლიური, ლიტერატურული თუ ისტორიული პარადიგმები (ჯვარცმის მისტერია, წმ. გიორგი - როგორც ბოროტების მძლეველი რაინდი, წმ. დავით გარეჯელი - ნების სიმტკიცე და „რწმენის აბჯარი“, გრაალის თასის ლეგენდა). ავტორისთვის ნამდვილი თავისუფლება უზენაესი ჭეშმარიტების შემეცნებას ნიშნავს.

პოეტის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში იკვეთება ზნეობრივი ვალდებულებისა და ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტური იდეალების მოტივები. ამ თვალსაზრისით საინტერესოა „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟის, ავთანდილის, როგორც ავტორის პროტოტიპისა და გალაკტიონ ტაბიძის პოეტური იდეალის თემები. საკუთარი თავის უფლობა ნიშნავს არა თვითნებობას, არამედ პიროვნების პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა და სიმართლისთვის უკომპრომისო ბრძოლას.

პოეტი თავისუფლებას პატრიოტული თვალთახედვითაც განიხილავს და მას წარმოაჩენს, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერის თვითმყოფადობის მთავარ საყრდენს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას შემოქმედებაში საინტერესოდ იკვეთება დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძისა და პოეტის სიყრმის მეგობრის, თანამებრძოლის, ზვიად გამსახურდიას, ლიტერატურული სახე-სიმბოლოები. მ. კოსტავას ეროვნული თავისუფლება ზოგადსაკაცობრიო სიმაღლემდე აჰყავს და ამგვარად ადამიანის, როგორც მსოფლიო მოქალაქის, იდეალს გამოკვეთს.

 

საკვანძო სიტყვები: თავისუფლება, პიროვნული განვითარება, ღვთაებრივი საწყისი, ეროვნული თვითმყოფადობა.