ძვირფასი ქვის სემანტიკა და ეტიმოლოგია ძველ ქართულ წყაროებში
ძვირფასი თვალ-მარგალიტები და სანახელავო ქვები თავისი იშვიათობის, სილამაზისა და ბუნებრივი თვისებების გამო ოდითგანვე იქცევდა ადამიანის ყურადღებას. ქვის ხანიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეებამდე ადამიანი ძვირფას თვალ-მარგალიტებსა და სანახელავო ქვებს ანიჭებდა მაგიურ და სამკურნალო თვისებებს, ხოლო სხვადასხვა რელიგიურ კონცეფციებში კი მათ განსაკუთრებული საკრალური ადგილი ეკავათ. საქართველოში ოდითგანვე აფასებდნენ ძვირფას თვალ-მარგალიტებსა და სანახელავო ქვებს, რომლებსაც უხვად იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულების ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნივთების მოსართავად, რაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მატერიალური კულტურის მრავალრიცხოვანი არტეფაქტებითაც დასტურდება. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ძველ აღთქმაში დადასტურებული ძვირფასი თვლებისა და სანახელავო ქვების გამორჩეულ რელიგიურ დატვირთვას, რისთვისაც ბერძნულიდან სპეციალურად ითარგმნა ეპიფანე კვიპრელის (კვიპროსელის) ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება „თვალთაჲ“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც მთავარი წყარო ძვირფასი თვლების შესახებ ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში. ძველ ქართულ წყაროებში 50-ზე მეტი ძვირფასი თვალ-მარგალიტი და სანახელავო ქვის სახელწოდებაა დადასტურებული, თუმცა ივარაუდება, რომ ქართველები შუა საუკუნეებში გაცილებით მეტი რაოდენობის თვლებსა და სანახელავო ქვებს იცნობდნენ, რომელთა სახელებიც წყაროებში არ ფიქსირდება. ქართულში ძვირფას თვალ-მარგალიტთა და სანახელავო ქვათა სახელწოდებები, ისევე როგორც ბევრ სახვა ენაში, ზოგჯერ არეულია. ერთი და იგივე თვალი ან ქვა შესაძლოა რამდენიმე ან შეცდომით სხვა სახელწოდებითაც იყოს დაფიქსირებული. მათი უმრავლესობა სპარსულიდან, ნაწილი ბერძნულიდან, მცირე ნაწილი არაბულიდან და სომხურიდანაა ქართულში ნასესხები, რაც ხშირად შესაბამისი თვალისა და ქვის წარმომავლობაზე მიუთითებს. ძვირფასი თვალ-მარგალიტებისა და სანახელავო ქვების გარკვეული სახეობები ოდითგანვე მოიპოვებოდა საქართველოში, მაგრამ ჟამთასვლის პროცესში ზოგიერთი მათგანის სახელწოდება უცხო ნასესხობით ჩანაცვლდა და დავიწყებას მიეცა, ხოლო ნაწილის სახელწოდება უცხო ნასესხობათა პარალელურად ან შეზღუდულად გამოიყენებოდა. წარმოდგენილ კვლევაში პირველად მოხდა ძველ ქართულ წყაროებში დადასტურებულ ძვირფას თვალ-მარგალიტთა და სანახელავო ქვათა კომპლექსური სემანტიკური და ეტიმოლოგიური შესწავლა და ანალიზი, რაც დაგვეხმარება ძველი ქართული წყაროების სხვადასხვა ადგილის უკეთ გაგებასა და გააზრებაში.
საკვანძო სიტყვები: ძვირფასი ქვები, სანახელავო ქვები, სემანტიკა, ეტიმოლოგია, ძველი ქართული წყაროები, სპარსული ნასესხობანი, ბერძნული ნასესხობანი, არაბული ნას