ისტორიის დოქტორი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0001-3876-2591
kh.kokrashvili@gmail.com

„კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ ჯილდო და მისი სიმბოლური პარადიგმები (წმინდა ნინოს სახელობის საპატიო ნიშანი)

 

ფალერისტიკული მასალა, როგორც ისტორიული არტეფაქტი, წარმოადგენს კონკრეტული ეპოქის სოციო-კულტურულ მემკვიდრეობას. ასეთი ნიშანი თავის თავში აერთიანებს პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და სიმბოლურ შრეებს, რომლებიც ასახავენ როგორც სახელმწიფოს, ისე კონკრეტული საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციის მისწრაფებებსა და იდენტობის გამომხატველ ნიშნებს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსეთის იმპერიამ კავკასიის მიმართ სხვა სიმაღლეზე აიყვანა და ახალ იდეოლოგიურ-რელიგიურ ჩარჩოში მოიაზრა მართლმადიდებლობის, როგორც კულტურულ-პოლიტიკური დომინაციის ინსტრუმენტის, გამოყენება. კვლევა ეძღვნება 1860-1917 წლებში რუსეთის იმპერიაში მოქმედი სამისიონერო ორგანიზაციის – „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ ჯილდოს – წმინდა ნინოს სახელობის საპატიო ნიშანს, რომელიც  ამჟამად იშვიათ ფალერისტულ ნიმუშს წარმოადგენს. სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია აღნიშნული ჯილდოსა და მისი ატრიბუტიკის არქიტექტონიკისა და სტილისტური სტრუქტურის ანალიზი, თუმცა დღემდე შეუსწავლელია მისი ფალერისტული  სიმბოლიზმი, სემანტიკური მიმართება, ერთი მხრივ, ქართველთა განმანათლებელი წმინდანის ნინოს ვაზის ჯვრის სიმბოლიკასთან, მეორე მხრივ,  კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მთავარ იდეასა და მიზანთან.

კვლევა მიზნად ისახავს აღნიშნული საპატიო ნიშნის დაარსების, ფალერისტული სტატუტის, სტრუქტურული თავისებურებებისა და კულტურულ-სიმბოლური მნიშვნელობის ანალიზს რუსეთის იმპერიის სამისიონერო და  რელიგიური პოლიტიკის კონტექსტში. სტატია ეფუძნება სამეცნიერო ლიტერატურას, საარქივო დოკუმენტებს,  ვიზუალურ წყაროებს, პრესის მასალებს, ასევე, „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ ყოველწლიურ ანგარიშებს, რომლებსაც დღეს პირველწყაროს მნიშვნელობას აქვთ. აღნიშნული მასალების საფუძველზე შევეცადეთ, გვეჩენებინა საპატიო ნიშნის ისტორიული, ფალერისტული და სიმბოლური ინტერპრეტაცია, მისი დაარსების ისტორიული კონტექსტი, იდეოლოგიური შინაარსი და მხატვრული გადაწყვეტა; განგვესაზღვრა აღნიშნული ჯილდოს ადგილი იმდროინდელ საეკლესიო და საზოგადოებრივ ჯილდოთა სისტემაში; გაგვეანალიზებინა მისი რელიგიურ-პოლიტიკური ფუნქცია, იკონოგრაფიული და იდეოლოგიური შინაარსი, რომელიც ასახავს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ-რელიგიურ დისკურსს კავკასიაში.

კვლევის შედეგად ჩანს, რომ აღნიშნული ჯილდოს სახელწოდება და მისი იკონოგრაფია ავლენს ერთგვარ სიმბოლურ-სემანტიკურ მიმართებას წმინდა ნინოს ვაზის ჯვართან, რაც არის  რუსეთის მიერ ადგილობრივი მართლმადიდებლური სიწმინდეების, ეროვნული მნიშვნელობის რელიგიური სიმბოლოების თავისებური რეპრეზენტაციის მცდელობა, ახალი კულტურული იდენტობის ფორმირებისა და ხელისუფლების სტრატეგიის იარაღად მისი გამოყენების ერთერთი  მაგალითი. ჯილდოსათვის წმინდა ნინოს სახელის მინიჭება ქმნიდა კავშირს ადგილობრივ კულტურულ მემკვიდრეობასა და იმპერიულ პროექტს შორის, რაც აჩვენებს ფალერისტიკის განსაკუთრებულ როლს კულტურული გავლენის და იმპერიული იდეოლოგიის გავრცელებაში.  

ჯილდოს შემოტანა ემსახურებოდა რუსეთის იმპერიის რამდენიმე მიზანს: საზოგადოების ჩართვას მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მხარდასაჭერად,  ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ლოიალობის გამტკიცებას, საზოგადოების აქტიური თანამშრომლობის წახალისებასა და კავკასიური იდენტობის იმპერიულ იდეოლოგიასთან თანხვედრის დამკვიდრებას.

 

საკვანძო სიტყვები: ფალერისტიკა, სიმბოლიზმი, მართლმადიდებლობა, რუსეთის იმპერია.