ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
თბილისი, საქართველო

ORCID: 0009-0000-3569-8363

 

dodochumburidze@yahoo.com 

ქართული საისტორიო აზროვნების მთავარი პარადიგმა XIX საუკუნის ბოლოს და   XX საუკუნის დასაწყისში  და გიორგი წერეთელი

 

"XIX საუკუნის ბოლო და   XX საუკუნის დასაწყისი  _   მრავალმხრივ საინტერესო, ახალი იდეებისა და იდეოლოგიების გაჩენისა და ჭიდილის, ახალი კონცეფციებისა და სააზროვნო სისტემის ჩამოყალიბების ხანა იყო.  ამ პერიოდის ქართული საისტორიო აზროვნების მთავარ პარადიგმას წარმოადგენდა ერთი მხრივ სამოციანელთა ნაციონალური პროექტის გააზრება ისტორიის კვლევებთან  მიმართებაში, მეორე მხრივ, ახალი მარქსისტულ-სოციალისტური იდეოლოგიის შემოტანა საისტორიო აზროვნებაში. ამ ორი მიმართულების შეთანხმება-მორიგებისა თუ დაპირისპირება-ბრძოლის კონტექსტში გაჩნდა ახალი პოლიტიკური ცნობიერება, ეროვნული და გლობალური აზროვნების ახალი ტენდენციები, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ქართული ისტორიოგრაფიის შემდგომ განვითარებაზე. 

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ქსელის გაყვანამ გაზარდა კომუნიკაციის საშუალება,  შეაკავშირა ქვეყნის ცალკეული კუთხეები, გამოიწვია სამეურნეო აღმავლობა.  კომუნიკაციის საშუალებად იქცა კავშირგაბმულობა, 60-70-იან წლებში სატელეფონო კავშირი გაიბა თბილისს, ქუთაისს, ფოთს, თელავსა და სხვა სამაზრო ქალაქებს შორის. გაფართოვდა საფოსტო კავშირების ქსელიც. საქართველოს დაუბრუნდა ოსმალეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, ეკონომიკური სისტემების ამუშავებამ და ახალი სოციო-კულტურული სივრცის  გაჩენამ, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა ადამიანთა ცნობიერებაზე  და მათ შორის ქართული საისტორიო აზრის ახალი მიმართულებით ფორმირებაზე. 

XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში მარქსისტული მოძღვრება, სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია, იწყებს გავრცელებას.  1892-1893 წლებში ქვეყანაში ოფიციალურად დაფუძნდა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. ქართველი სოციალ-დემოკრატები საკუთარი იდეების პროპაგანდისთვის გაზეთ „კვალს“ იყენებდნენ. 1898 წლიდან ეს გაზეთი მთლიანად მარქსიზმის მიმდევართა საკუთრება გახდა. „მესამე დასელები“ მკვეთრად დაუპირისპირდნენ თერგდალეულთა მსოფლმხედველობას, დაგმეს წოდებათა შერიგების იდეოლოგია, „საერთო ნიადაგის“ თეორია  და ერის განვითარების უმთავრეს საშუალებად კლასთა შორის ბრძოლა გამოაცხადეს.

მიუხედავად ინტერნაციონალიზმის ქადაგებისა, ქართველი სოციალ-დემოკრატები ხალხს პრობლემების მოგვარებას მაინც ეროვნულ საფუძველზე სთავაზობდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ნაციონალიზმი და სოციალიზმი ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებოდა, არამედ ავსებდა. საქართველოში სოციალიზმი განსაკუთრებით მომხიბლავი იყო, რადგან იმედს იძლეოდა, რომ წერტილს დაუსვამდა კოლონიალიზმს, უცხოელი მესაკუთრეების მხრიდან ექსპლუატაციას, სოციალურ და კუთხურ დაყოფას.

დაიხვეწა ისტორიული კვლევების მეთოდოლოგია, უფრო მასშტაბური გახდა ევროპული კვლევის მეთოდების გამოყენება,   მეტი მნიშვნელობა მიენიჭა საისტორიო წყაროების სიღრმისეულ შესწავლასა და შედარება-შეჯერების მეთოდს,  დამხმარე საისტორიო დისციპლინების ჩართვას კვლევებში, განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა  არქეოლოგიური და ეთნოლოგიური მატერიალური და ნარატიული მასალების გამოყენებამ, გაიზარდა ისტორიოგრაფიული ნაშრომების მეცნიერული სიღრმე. ეს ყველაფერი დაეფუძნა იმ დიდ შემგროვებლობით და საძიებო საქმიანობას, რასაც ქართველი ისტორიკოსები აწარმოებდნენ მე-19 საუკუნის 50-60-იანი წლებიდან. 

ამ პერიოდში გაჩნდა  ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი  დასების  თეორია, რაც ისტორიკოსსა და მწერალს - გიორგი წერეთელს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიას ყველა არც იმ დროს იზიარებდა და არც დღეს იზიარებს, მან მაინც დაიჭირა მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ ისტორიოგრაფიულ კვლევებში, განსაკუთრებით საბჭოთა ისტორიოგრაფიაში. სტატიაში საუბარია  იმ ერთიანობისა თუ კონფრონტაციის ტენდენციებზე, რასაც გიორგი წერეთელი და მისი ჟურნალი ილიასა და ეროვნული იდეოლოგიის ერთგული ჯგუფის მიმართ ახორციელებდა.  

 

საკვანძო სიტყვები: ქართულ ისტორიოგრაფია, მარქსიზმი და სოციალ-დემოკრატია, ნაციონალური იდეოლოგია, დასების თეორია, საისტორიო მეთოდოლოგია.