დოქტორი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მატერიალური კულტურის კვლევის დეპარტემენტის ხელმძღვანელი, საქართველოს უნვიერსიტეტი
g_gagoshidze@yahoo.com
დოქტორი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მატერიალური კულტურის კვლევის დეპარტემენტის ხელმძღვანელი, საქართველოს უნვიერსიტეტი
g_gagoshidze@yahoo.com
ნაქალაქარ სამშვილდის დავით აღმაშენებლის დროინდელი დარბაზული ეკლესია და XII-XIII საუკუნეების რიგითი მშენებლობის საკითხები
ნაქალაქარ სამშვილდის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დარბაზული ეკლესია გამორჩეულია თავისი საქტიტორო წარწერებით, ის აუშენებიათ დავით აღმაშენებლის ზეობაში, 1119 წელს, მოუხატავთ 1123 წელს. ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, ადგილობრივი კლდის ნამტვრევი ქვით ნაჩქარევად აშენებული ეკლესიის ხუროთმოძღვრება საშუალოზე დაბალი დონისაა, წყობაში გამოყენებულია სელჯუკთა მიერ სამშვილდის დაპყობის შემდგომ დაზიანებული სიონის გუმბათიანი ეკლესიის კედლის ყვითელი ქვათლილები. აშკარაა, ამ ეკლესიის აგება ისე ეჩქარებოდათ, რომ არ გარჯილან მისი ხუროთმოძღვრული ფორმების დახვეწითა და კედლების გამშვენებისთვის. იქ მხატვრულ ეფექტს ქმნიდა ეკლესიის ინტერიერის მაღალი დონის კედლის მხატვრობა, რომლის მხოლოდ მცირე ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. დავით აღმაშენებლის ეპოქის მთავარი ნიშანი, თუ წარწერებს არ ჩავთვლით, ამ ეკლესიის აღმოსავლეთ საქართველოს ხუროთმოძღვრებისთვის ნაკლებ სახასიათო, ნახევარწრიული შვერილი აფსიდაა. შვერილი აფსიდები აქვს დავით აღმაშენებლის ქტიტორობით აგებულ ტაძრებს გელათსა და შიომღვიმეში, XII საუკუნის ეკლესიებს - არმაზსა და ახატანში.
XII-XIII საუკუნის პირველი ნახევრის ნათალი ქვით აგებული, მდიდრულად დეკორირებული დარბაზული ეკლესიების (საორბისი, მაღალაანთ ეკლესია, გუდარეხი, კაზრეთი, ბეთანია, წყლულეთი და სხვ.) კვალდაკვალ შენდება დაბალბიუჯეტიანი, ნამტვრევი ქვით უხარისხოდ ნაგები რიგითი სამლოცველოებიც, როგორებიცაა: სამშვილდის დარბაზული ეკლესიის გარდა, კალაუბნის წმ. გიორგის, გარდატენის ღმრთისმშობლის, ნასოფლარ ნასპარსევის, რკონის ციხის, თუ სამოჭალოს ეკლესიები და სხვ. ზოგიერთი ამ ძეგლის მხატვრულ სახეს განსაზღვრავს ინტერიერში არსებული კედლის მხატვრობა, ფასადების გაფორმება ღარიბულია, იშვიათად გვხვდება ნათალი ქვის წარწერიანი თუ დეკორირებული ჩანართები ან სარკმლის საპირეები. ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება როგორც სამარტომყოფოს ასკეტიზმს, ისე ციხის ეკლესიის უპრეტენზიო ხასიათს, ღარიბი სოფლის ან გაჭირვებული ქტიტორის შესაძლებლობებს. რიგითი ძეგლების სტილის მათარიღებელი ნიშნები რთული გამოსავლენია და ყველაზე უკეთ ეკლესიათა პროპორციებში ჩანს. ამგვარად, საქართველოს „ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქაში მდიდრულად გაფორმებული საქტიტორო ეკლესიების პარალელურად შენდება უსახური, დაბალი სამშენებლო ხარისხის, შეუმკველი სამლოცველოებიც, რაც ეპოქის რთულ, სოციო-კულტურულ ვითარებას ასახავს.
საკვანძო სიტყვები: სამშვილდე, დარბაზული ეკლესია, დავით აღმაშენებელი, XII-XIII საუკუნეები, რიგითი მშენებლობა.