ასოცირებული პროფესორი
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
n.laghidze@ug.edu.ge
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
n.laghidze@ug.edu.ge
„სოცრეალიზმი არქიტექტორ გიორგი ჩახავას შემოქმედებაში“
წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი (გოგი) ჩახავას, არქიტექტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის ადრეულ პერიოდს. მისი კარიერის დასაწყისი მეოცე საუკუნის შუა პერიოდს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ემთხვევა. ომის შემდგომი პერიოდის არქიტექტურა ჯერ კიდევ ადრე შემუშავებული მეთოდების კორექტირებით შემოიფარგლებოდა, რაც წინა პერიოდის პოსტკონსტრუქციული სტრუქტურების მკაცრ ჩარჩოებს უქმნიდა.
ომის ნგრევითმა ხასიათმა საბჭოთა რესპუბლიკებში ახალი საჭიროებები გააჩინა, რის შედეგადაც არქიტექტურაში თანდათან უპირატესობა სოციალისტურ რეალიზმს მიენიჭა. საბჭოთა არქიტექტურა, თავისი პროპაგანდისტული ფუნქციიდან გამომდინარე, მარტივი ფორმისა და გასაგები შინაარსის მქონე, მასობრივ კულტურას მორგებული და აღმაფრთოვანებელ-მონუმენტური უნდა ყოფილიყო.
ნაშრომში განხილულია გიორგი ჩახავას 1945-1960 წლების შემოქმედება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას საქართველოსა და სხვა საბჭოთა ქალაქებში. გამოყენებულია წყაროთმცოდნეობითი და მონოგრაფიული მეთოდები: დამუშავებულია საარქივო მასალები (დოკუმენტები, გეგმები, ფოტოები), 1920-1950 წლების პრესა და შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა.
დასკვნა: საბჭოთა არქიტექტურის სპეციფიკას განაპირობებდა პოლიტიკურად განსაზღვრული დირექტივები და არქიტექტურული იერი, რომელიც მთლიან საბჭოთა კავშირში იყო გავრცელებული, განსხვავება მხოლოდ ნაციონალურ მახასიათებლებში გამოიხატებოდა. გიორგი ჩახავას შემოქმედების კვლევა იძლევა წარმოდგენას როგორც ქართული საბჭოთა არქიტექტურის განვითარების ტრაექტორიაზე, ასევე მის ერთიან საბჭოთა კონტექსტში. სოცრეალისტური არქიტექტურის მხატვრული მხარე შესაძლოა საკამათო იყოს, თუმცა მისი როლი ქალაქის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულია.
საკვანძო სიტყვები: არქიტექტურის პოლიტიკური კონტექსტი, სოცრეალიზმი, არქიტექტურული იერი, საბჭოთა არქიტექტურა, ქალაქის სტრუქტურა.