ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი
არქეოლოგიის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის კორესპონდენტი წევრი
marina.puturidze@tsu.ge
ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი
არქეოლოგიის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის კორესპონდენტი წევრი
marina.puturidze@tsu.ge
ლითონის ჭურჭლის პირველად გამოჩენა სამხრეთ კავკასიაში: გავრცელება, მისი განმაპირობებელი ფაქტორები და ტიპობრივი მრავალფეროვნება
სამხრეთ კავკასიაში ლითონის ჭურჭლის პირველად გამოჩენა თრიალეთის კულტურას (ძვ.წ. 21-17 სს პირველი ნახევარი) უკავშირდება და ის თავიდანვე ტიპობრივ ვარიანტთა სიმრავლით გამოირჩევა. მისი დამზადებისას რთული ტექნიკური ხერხების გამოყენებას თვით მასალის ფაქტურა (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) და მხატვრული ხელოსნობის მაღალი დონე განაპირობებდა. ტორევტიკის განვითარების განმაპირობებელ ფაქტორთა შორის უმთავრესი ჩანს: ლითონწარმოების საყოველთაო დაწინაურება, საერთაშორისო სავაჭრო-გაცვლითი ქსელის ორგანიზება ძველი სამყაროს დაწინაურებულ ცენტრებში და ინტერკულტურული კონტაქტების გაცხოველება წინა აზიასა და გარემომცველ რეგიონებს შორის. ეს პროცესები ემთხვევა თრიალეთის კულტურის მკვეთრ სოციო-ეკონომიკურ წინსვლასა და უახლესი მიღწევების გაზიარებისთვის სრულ მზაობას საერთაშორისო კავშირების გააქტიურების გზით.
შუა ბრინჯაოს ხანა ზოგადად ხასიათდებოდა ცოდნისა და იდეის ინტენსიური გავრცელებით, ახალი ნაწარმისა და მხატვრულ-სტილისტურ ტენდენციათა ინფილტრაციით სხვადასხვა რეგიონებს შორის. რამდენადაც თრიალეთის კულტურის ელიტა აშკარა სწრაფვას იჩენდა ყოველგვარ სიახლეთა ათვისებისაკენ, ბუნებრივია, რომ ეს საუკეთესო საფუძველი აღმოჩნდა რესურსებისა და მზარდი ეკონომიკის მქონე სამხრეთ კავკასიის მოსახლეობა ჩართულიყო აღნიშნულ პროცესებში. ყოველივე ამის ლოგიკური შედეგი გახლდათ წინააზიური სამყაროს ტორევტიკისათვის დამახასიათებელი უცხო და მაღალი სტანდარტის მხატვრული ტენდენციების გაზიარებისა და დანერგვის მცდელობა თრიალეთის კულტურის პრაქტიკაში. ის, რომ უძველესი მახლობელი აღმოსავლეთის უკიდურესი ჩრდილო პერიფერია - სამხრეთ კავკასია განსაკუთრებით დაწინაურებული აღმოჩნდა ძვირფას ლითონთა მრავალფეროვანი ნაწარმით, ვთვლით, რომ ეკონომიკურთან ერთად, უდავოდ, გამოწვეული იყო ინტერკულტურულ კავშირებში მისი ჩართვით. უფრო კონკრეტულად კი ეპოქისათვის დამახასიათებელი ფაქტორით: გარესამყაროს ცივილიზაციებთან ურთიერთობის დამყარებისაკენ სწრაფვით, რაც გამოვლინდა უცხო მხატვრულ-სტილისტური ტრადიციების შემოღწევით, მათი გადამუშავებითა და ადგილობრივთან შეხამებით. ყოველივე ამის შედეგად მივიჩნევთ წინააზიურთან აშკარად ნაზიარებ, მაგრამ მაინც ახალი და თავისებური სახის თრიალეთური ტორევტიკის სახელით ცნობილ კომპლექსებს. მისი ლითონის ჭურჭელი სხვადასხვა ტიპებითაა წარმოდგენილი: ვერცხლის ცილინდრული კორპუსის, ძირისაკენ მკვეთრად შევიწროვებული დაბალფეხიანი ჭურჭელი, ოქროს აპლიკაციებით შემკული ვერცხლის სარწყული, ვერცხლის ნახევარსფერული ფორმის ცალყურა, ღრმა თასები, ვერცხლის ცილინდრული ფორმის, მოძრავსახელურიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს წაკვეთილი კონუსისფორმიანი მაღალი ფეხზე მოდელირებული ნახევარსფერული ფორმის კალათისებური ვაზა მოძრავი სახელურით, ვერცხლის ბიკონოსური ფორმის, დაბალფეხიანი თასები და ბოლოს, ოქროს ორნამენტირებული და სადაზედაპირიანი ღრმა თასები, ოქროს ინკრუსტირებულზედაპირიანი, პირისაკენ ოდნავ გაფართოებული და ძირისაკენ კი შევიწროვებული ფორმის, ფეხიანი თასი, რომელიც უნიკუმად რჩება ძველი სამყაროს ტორევტიკის მრავალფეროვან ნაწარმში და ზოგიერთი სხვა.
შემოთავაზებულ კვლევაში ჩვენ ამ ღირსშესანიშნავი კომპლექსების ტიპობრივ ვარიანტებს, მათი ორნამენტირებისა და დამზადების ტექნიკური ხერხების თავისებურების ინტერპრეტირებას ვეხებით და ამ კონტექსტში წარმოვაჩენთ, თუ რა როლი ითამაშა წინააზიური სამყაროს სხვადასხვა ცენტრებისათვის (შუმერი, ცენტრალური ანატოლია, აშური) დამახასიათებელმა მხატვრულ-სტილისტურმა ტენდენციებმა აღნიშნული პერიოდის სამხრეთკავკასიური ლითონის ჭურჭლის ფორმირებაზე.
ყურადღებას ვუთმობთ თუ რა სახისა და სიძლიერის კონტაქტებმა და მოსაზღვრე სამხრეთული ცივილიზაციებიდან მომდინარე კულტურულმა თუ სხვა სახის ზეგავლენამ განაპირობა თრიალეთური მხატვრული ნაწარმის არსებითი მახასიათებლების ჩამოყალიბება და რამდენად ნათლად იკვეთება ადგილობრივ ტრადიციულ ფაქტორთან მათი თანამონაწილეობა.