დოქტორი
მეცნიერ-თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
დოქტორი
მეცნიერ-თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ქართული ხელოვნებათმცოდნეობის განვითარების ისტორია
ქართული ხელოვნებათმცოდნეობის, როგორც მეცნიერების ერთი მკვიდრი დარგის ისტორია, XIX საუკუნის ბოლოდან იწყება, საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დროს - ქართული ეროვნული აღორძინების ახალ ეტაპზე, ისტორიულ ეტაპზე, რომელსაც თავისი განმსაზღვრელი საფუძველი გააჩნდა. ეს ის დროა, როდესაც დასავლურ პოლიტიკურ ნააზრევს ნაზიარები, ლიბერალიზმის იდეებით შთაგონებული განათლებული ადამიანები, საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდგომ, საქართველოში დაბრუნდნენ, ჯერ ერთი ნაწილი - თერგდალეულები, შემდეგ, უკვე XX საუკუნის დასაწყისში, მეორე თაობა. მათი უმთავრესი საფიქრალი, როგორც არაერთი პროგრესული ადამიანისა საუკუნეების მანძილზე, საქართველოს გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება და სახელმწიფოდ ჩამოყალიბება იყო. საკუთარი აზრი რომ რეალობად ექციათ, ისინი, საქართველოში მყოფ, იმავე სურვილით შეპყრობილ მოაზროვნე ადამიანებთან ერთად ზრუნვას დაბრუნებისთანავე შეუდგნენ. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბებული წერა-კითხვის გამავრცელებელი, საისტორიო და საეთნოგრაფიო და ქართველ ხელოვანთა საზოგადოებებში, ასევე მათ საფუძველზე შექმნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს და ხელოვნების მუზეუმებში ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, ნიკოლოზ სევეროვის, ალექსანდრე კალგინის, დიმიტრი შევარდნაძისა და მათი მოსწავლეების მიერ იწყება საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობის ეროვნული სკოლის ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება.
გიორგი ჩუბინაშვილმა ურთულესი საქმე ითავა, მას ქართული ხელოვნების ისტორია უნდა შეექმნა. ეს უდიდესი საქმე კი გულისხმობდა წინა თაობის მეცნიერთა მიერ მოპოვებული, თუ ახლად მიკვლეული ფაქტების სისტემატიზებას, ქრონოლოგიის განსაზღვრას, მათთვის ისტორიული კონტექსტის დადგენას, იმის დასაბუთებას, რომ „ჩვენი ეროვნული ხელოვნება ჩვენი ეროვნული ისტორიის ნაწილი და შედეგია“, ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზის საფუძველზე „სტილის კატეგორიების გამოყენებით“ ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განვითარების სურათის აღდგენასა და მეცნიერულ ასახვას.
მოხსენება არის მცდელობა თითოეულ ინსტიტუციაში წარმართული საქმიანობის და იმ პიროვნებათა ღვაწლის ასახვის, რომლებმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრეს ქართული ხელოვნებათმცოდნეობის განვითარება და მისი ადგილი საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში.
საკვანძო სიტყვები: ქართული ხელოვნების ისტორია; ქართული ხელოვნებათმცოდნეობა; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი; ხელოვნების მუზეუმი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ამირანაშვილი.