ნინო ჯორბენაძე

 

ფილოლოგიის დოქტორი

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0005-7894-1438
ninoaka55@yahoo.com

 

იამზე გაგუა

 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ნარგიზ ახვლედიანი


ფილოლოგიის დოქტორი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლელა ჩოთალიშვილი


ფილოლოგიის დოქტორი

პროფესორი
ევროპის უნივერსიტეტი

 

დიდი დედის კულტის ნანა და ნVნ ფუძის ეტიმოლოგიური ტრაექტორია მსოფლიო ცივილიზაციების ჭრილში

 

ქართული დიდი დედის, ნანას კულტი ჯერ კიდევ ენეოლითის ხანიდან იღებს სათავეს. როგორც ვ. ბარდაველიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ცნობები ნანას შესახებ მოცემულია ქართულ ზღაპრებსა და ლეგენდებში, მისი კულტი კი ვლინდება ჩვენში „ბატონების“ სახელით ცნობილი ინფექციური ავადმყოფობებით (წითელა, ყვავილი…) დაავადებულთა მოვლა-მკურნალობის რიტუალში. ამ ცნობილი ქართული სიმღერების რეფრენს: „იავ ნანა, ვარდოვ ნანა, იავ ნანინაო“ მეცნიერი ქალღვთაება ნანას კულტს უკავშირებს. ბატონების „გასტუმრების“ რიტუალში დიდი დედა ნანას ასტრალური ბუნება, მისი მზესთან კავშირი ავადმყოფის გარშემო წრიული მოძრაობით დასტურდება. როგორც ჩანს, „იავნანამ“ დაკარგა თავისი პირვანდელი ხასიათი და დანიშნულება, დღეს ის ძილისპირულია. მანამდე, რაღაც პერიოდში, მას ბატონების დაავადებების დროს უმღეროდნენ ბავშვებს. სავარაუდოდ, უკვე ამ პერიოდიდან ფიგურირებს სიმღერაში „ია“ (ყვავილის მნიშვნელობით) და „ვარდი“ - ხსენებული დაავადებებისთვის დამახასიათებელ მუწუკებთან ასოციაციური კავშირით და, ბატონების გულის მოსაგებად, ამ გამონაყარის ყვავილებთან შედარებით. თავდაპირველად აქ „ია“ ძირი, სავარაუდოდ, არც აღნიშნავდა ყვავილს... „ვარდო“ ფორმა ტექსტში, შესაძლოა, „ია“ (*<აია) ძირის ყვავილის სახელად გადააზრიანების შემდგომ და მასთან, უკვე როგორც მცენარის სახელწოდებასთან ასოციაციით, მოგვიანებით გაჩნდა... აი, ამ შემთხვევაში კი უკვე შესაძლებელია „იავ-ნანა“-ს „იავ“ კომპონენტის „აია“ (აია-კოლხეთი) ძირთან დაკავშირება, რასაც შემდგომი ღრმა ინტერდისციპლინური კვლევა-ძიება სჭირდება. რაც შეეხება ნvნ ძირს, მისი თავდაპირველი მნიშვნელობა უნდა ყოფილიყო „დედა“, „ვინც შობა“. ნvნ ძირი დღესაც გვხვდება „დედის“ აღმნიშვნელ სახელად ქართული ენის დიალექტებში. ნvნ ძირი „დედის“ მნიშვნელობით გვხვდება იდენტური გაფორმების მქონე ფუძეების შემადგენლობაში მთელი კავკასიის მასშტაბითაც. ნvნ ფუძის კავშირი სავარაუდოა მთელი მსოფლიოს სრულიად სხვადასხვა ენობრივი ოჯახების წარმომადგენელთა მეტყველებაში დადასტურებულ, ფართოდ გავრცელებულ, უმეტესად „დედის“ (მშობელი) აღმნიშვნელ ნvნ (ნანა/ ნენა / ნონა / ანე....) ძირებთანაც, იხ.: ენა ფორმა მნიშვნელობა ქართული ნენა, ნენე, ნანა, ნინო, ნონა, ნუნუ დედა, ბებია, ქალის საკუთარი სახელი სომხური Նանա (Nana) საკუთარი სახელი / ძვ. ქალღმერთი თურქული Anne დედა სანსკრიტი Nana, Naini ქალის სახელი აქადური / ბაბილონური Nanaea / Inanna სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი არაბული Nānā, Nana ბებია სპარსული Nana, Nané ბებია, ძუძუ, დედა ინგლისური Nanny, Nana ძიძა / ბებია ესპანური Nana ძიძა იტალიური Nonnina, Nonna ბებია ფრანგული Nana (სასაუბრო) ახალგაზრდა ქალი / გოგონა გერმანული Nana, Nänni ძიძა შვედური Nanna სკანდინავიური ქალღმერთი უნგრული Nana, Néni ბებია, დეიდა ინდონეზიური Nenek ბებია სუაჰილი Nana ბებია ფილიპინური Nana, Nanay დედა იაპონური Na-na-chan გოგონას სახელი კორეული Nana ქალის სახელი ამოსავალი ნანა საზოგადო სახელიდან საკუთარ სახელად ტრანსფორმაციის გზით მივიღეთ ქალის ასევე ფართოდ გავრცელებული სახელები ქართულში - ნანა, ნენე, ნინო, ნონა, ნუნუ... ეტიმოლოგიური ტრანსფორმაციის ტრაექტორია ამ სახით წარმოგვიდგება: ნVნ დედა (ვინც შობა) > ოჯახის > გვარის > თემის, ეთნოსის, ერის დედა > ყველა ადამიანის დედა > ყველა სულიერი თუ უსულო არსების დედა / დიდი დედა / ქალ-ღვთაება > ქალის საკუთარი სახელი (ქალღვთაების პატივსაცემად დარქმეული)> ქალი (საზოგადო სახელი) 


საკვანძო სიტყვები: ნანა, დიდი დედა, ეტიმოლოგია.