ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0002-3689-1397
Nanaburchuladze23@gmail.com
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0002-3689-1397
Nanaburchuladze23@gmail.com
დავით აღაშენებლის დროინდელი ხატები სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში (ახალი მონაცემები)
ქართველთა დიდმა მეფემ, დავით IVაღმაშენებელმა, უმნიშვნელოვანესი კვალი დაამჩნია ქართული კულტურისა და ქრისტიანული ხელოვნების განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის სასულიერო ცენტრებშიც. მისი ისტორიკოსის ცნობით, მას საბერძნეთში, ათონის მთაზე, ბულგარეთში, ასურეთში, კვიპროსზე, შავ მთასა და პალესტინაში უხვი ძღვენი გაუღია წმინდა სალოცავებისთვის. მათ შორის მეფეს განსაკუთრებულად უღვაწია უფლის გამოცხადების ადგილას, სინას მთაზე მცხოვრები ქართველი ბერებისთვის, რომლებისთვისაც აუშენებია მონასტერი და გაუგზავნია ოქრო, ძვირფასი ქსოვილები, საეკლესიო წიგნები და მრავალი საღვთისმსახურო ნივთი.
ამ ჩამონათვალში არ შედის ხატები, ვინაიდან ქართველი ბერები სინას მთაზევე ქმნიდნენ ხატწერის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს, რომლებიც ერთნაირად ღირებულ ნაწილს წარმოადგენს როგორც ქართული, ისევე ბიზანტიური კულტურული მემკვიდრეობისთვის.
მათ შორისაა საქვეყნოდ ცნობილი ორმხრივ მოხატული ჰექსაპტიხი, რომლის ოთხ ფრთაზე განაწილებულია მენოლოგიონი (ლიტურგიული წლის კალენდარი), მეხუთეზე - „საშინელი სამსჯავრო”, მეექვსეზე კი - კონსტანტინოპოლში ცნობილი ღვთისმშობლის 5 სასწაულთმოქმედი ხატისა და ქრისტეს სასწაულებისა და ვნების ციკლების ამსახველი სცენები. ჰექსაპტიხზე არსებული ბერძნულ-ქართული წარწერების მიხედვით, მისი ავტორიცა და ქტიტორიც ყოფილა ქართველი ბერ-მონაზონი იოანე თოჴაბი, რომელსაც არა მხოლოდ წარწერებით აქვს დაფიქსირებული საკუთარი ვინაობა, არამედ ჰექსაპტიხზე ორგან ჰქონია დახატული ავტოპორტრეტიც. მხატვრული სტილისა და იკონოგრაფიული თავისებურებებით სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ხატი თარიღდება XI-XII საუკუნეების მიჯნით, ანუ დავით აღმაშენებლის ზეობის დროით.
იოანეს მიერ შექმნილ მრავალკარედზე ასახული კალენდარიც, „საშინელი სამსჯავროცა“ და ქრისტეს სასწაულებისა და ვნებების ციკლებიც უძველეს ნიმუშებად ითვლება ზოგადად ბიზანტიური ხატწერის ისტორიაში და, ამასთანავე, თოჴაბის პორტრეტებიც ყველაზე ადრეულ ნიმუშებადაა მიჩნეული მხატვართა გამოსახულებებს შორის ბიზანტიის არეალში შემავალი ქვეყნების ხელოვნებაში.
სინას კოლექციის მეორე, XII საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ, ქართულ-ბერძნული წარწერების მქონე ხატზე წარმოდგენილია წმ. გიორგის გვერდით მდგარი დავით აღმაშენებლი, რომელსაც წმინდანის შუამდგომლობით ზეციდან აკურთხებს მაცხოვარი. ეს ხატი, ტექნიკური და მხატვრული თავისებურებების მიხედვით, უდავოდ სინას მთაზეა დახატული და იქაური ხატების მრავალათასიან კოლექციაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის ერთადერთია, რომელზეც მეფეა გამოსახული.
სინას ხატებისადმი მიძღვნილი უახლესი გამოკვლევით დავით აღმაშენებლის პორტრეტიანი ხატი არა ვოტივური დანიშნულების საგნად, არამედ სამეფო პანოდაა მიჩნეული, რომელზეც ქართველთა სახელოვანი მეფე სრული დიდებითაა წარმოდგენილი (დ. მურელატოსი).
ვეთანხმები რა ამ ახალ მოსაზრებას, ვფიქრობ, რომ სინას კოლექციაში არსებობს ამ პანოს მეორე ნაწილიც. ვგულისხმობ იმავე ზომის - კომპოზიციურად, კოლორისტულად, თემატურად და დეტალებითაც კი მსგავს სხვა ხატს, რომელზეც ნაჩვენებია ერთმანეთის გვერდზე მდგარი ორი წმინდა მეომარი - თევდორე და დიმიტრი. ამ ხატების ერთად წარმოდგენით იქმნება ერთგვარი სამეფო დიპტიხი, რომელზეც დავით IV საქართველოში ყველაზე პოპულარულ წმინდა მეომართა თანხლებითაა გამოსახული. დიპტიხის ერთ „ფრთაზე“ წმ. გიორგი, როგორც მეფის უშუალო მფარველი, შუამავლადაა ნაჩვენები მასსა და იესო ქრისტეს შორის, ხოლო მეორე „ფრთაზე“ წარმოდგენილი წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი გააზრებული არიან, როგორც წმ. გიორგისთან ერთად მეფის შემწე - ზეციური მებრძოლები.
სინას მთის ეს „დიპტიხი“ მხატვრული ღირსებებითა და იკონოგრაფიული პროგრამით მართლმადიდებლური ხატწერის უნიკალური ნიმუშია, რომლის შექმნა დავით მეფის ეპოქასთან და უშუალოდ მასთანაა დაკავშირებული.