ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
ORCID: 0000-0002-3133-7330
Nino.chikhladze@ug.edu.ge
Nino_chikhladze@yahoo.com
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
ORCID: 0000-0002-3133-7330
Nino.chikhladze@ug.edu.ge
Nino_chikhladze@yahoo.com
მარტვილის ეკლესიის XI-XII საუკუნეების მხატვრული დეკორის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა
მარტვილი-ჭყონდიდის მონასტერი ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის უძველესი კერაა, რომელიც პარადიგმულ ბმაშია საქართველოს გაქრისტიანების ცენტრის, მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოვლის ისტორიულ ნარატივებთან. სწორედ მას უკავშირდება საქართველოში ქრისტეს მოციქულების ანდრიასა და სიმონ კანანელის მოღვაწეობის შესახებ გადმოცემა. უძველესი ლეგენდის თანახმად, ანდრია პირველწოდებულის მიერ აქ მოჭრილი წარმართული სალოცავი „დიდი ჭყონის“, ანუ დიდი მუხის, ფესვებს დაეფუძნა ტაძრის საკურთხეველი, აღიმართა ამავე ხისგან გამოთლილი ჯვარი, ხოლო კერპს შეწირული ჩვილი ბავშვები, იგივე „მარტვილები“, წმინდა მოწამეებად შეირაცხა. ეკლესია XIII საუკუნეშიც წმ.მარტვილთა სახელობისაა, ხოლო ღმრთისმშობლის სახელზე მისი ხელახალი სატფურების შემდეგ მარტვილთა სახელი მონასტრის ტოპონიმში შენარჩუნდა. მთავარი ეკლესიის როგორც ჯვრის ტიპის ტეტრაკონქულ არქიტექტურაში, ისე მასთან დაკავშირებული ჯვარ-ხატებისა და რელიკვარიუმების სახით შემორჩენილ საგანძურშიც მკაფიოდ იკითხება ადრეული ქრისტიანული ხანის მხატვრულ-ისტორიული პლასტი, თუმცა ტაძრის ძირითადი მოხატულობა XIV, XVI და XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. ამავე დროს, ეკლესიის ინტერიერში რამდენიმე ადგილას შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდის განსხვავებული მედიუმის (კედლის მხატვრობა, მოზაიკა) მხატვრული დეკორის ნაწილები.
საკურთხევლის ბემის თაღში წინასწარმეტყველებისა და მედალიონში ჩაწერილი ფრთაგაშლილი ანგელოზის, დასავლეთი მკლავის ბემის სამხრეთ კედელსა და თაღში კი ღირსი მამების, მედალიონში ჩაწერილი გამოცხადების ჯვრისა და წმ. დედოფლის გამოსახულებათა ფრაგმენტები იკითხება. დასვლეთი ეკვდრის აღმოსავლეთ კედელზე, ძირითად ინტერიერში შესასვლელი კარის ლუნეტში ჩვილედი ღმრთისმშობლის მოზაიკური გამოსახულების ფონი და მის მიმართ თაყვანისმცემელი ანგელოზის მხატვრობის ნაწილია შემორჩენილი. ყველა ეს ფრაგმენტი მხატვრული სტილის დამახასიათებელი ნიშნებით განვითარებული შუა საუკუნეების, კერძოდ, XI-XII საუკუნეების მაღალმხატვრული შემოქმედების ნიმუშებია, რომელთა მხატვრული გადაწყვეტა მჭიდრო სიახლოვეს ამჟღავნებს თანადროული ეპოქის ქართული და ბიზანტიური სახვითი ხელოვნების რჩეულ ნაწარმოებებთან.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს მეფე ბეგრატ IV-მ (1027-1072) მარტვილი-ჭყონდიდის ეკლესია სიცოცხლეშივე სამუდამო განსასვენებლად შეარჩია და საბოლოოდ მასში დაიკრძალა კიდეც, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია ტაძრის საგანგებო მორთვისა და გამშვენებისთვის. ვფიქრობთ, საკურთხევლის ბემის მოხატულობის ყველაზე ადრეული ფენა სწორედ ბაგრატ IV-ის მხართველობის პერიოდში შესრულებული მხატვრობის ნაწილია, ხოლო განსხვავებული ფერადოვნების დასავლეთი მკლავის მხატვრობის ფრაგმენტები შესაძლოა ოდნავ უფრო გვიან, 1080 წლის დიდი თურქობის დროს გადამწვარი ჭყონდიდის ტაძრის აღდგენა-განახლების დროინდელი იყოს. ასეთი პერიოდი მარტვილის ტაძარს დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და მრჩევლის, მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელის მოღვაწეობის დროს, ანუ XI საუკუნის მიწურულსა და XII საუკუნის დასაწყისში, შეიძლება დადგომოდა, რაც მოხატულობის ამ ნაწილის მხატვრული სტილის ზოგიერთი თავისებურების გათვალისწინებითაც დასტურდება. სავარაუდოდ, ანალოგიური პერიოდით შეიძლება დათარიღდეს მოზაიკისა და შინაარსობრივ-კომპოზიციურად მასთან დაკავშირებული მხატვრობაც. საბოლოო ჯამში კი ეკლესიის XI და XII საუკუნეების მხატვრული დეკორის დღემდე შეუსწავლელი ფრაგმენტები, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მარტვილი-ჭყონდიდის მონასტრის, არამედ განვითარებული შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს მხატვრული კულტურის ზოგადი სურათის უკეთ წარმოსადგენად.
საკვანძო სიტყვები: მონუმენტური მხატვრობა, მოზაიკა, მარტვილი-ჭყონდიდის მონასტერი, ბაგრატ IV-სა და დავით აღმაშენებლის ეპოქა.