მერაბ მიქელაძე
თბილისი, საქართველო
მერაბ მიქელაძე
თბილისი, საქართველო
ღვინო – ქართული იდენტობის სიმბოლო
აბსტრაქტი
საკონფერენციო მოხსენების სათაურია „ღვინო - ქართული იდენტობის სიმბოლო“ და ის წარმოაჩენს ვაზსა და ღვინოსთან დაკავშირებულ რელიგიურ კოდს, რომელიც ქართულმა ფოლკლორმა და რწმენა-წარმოდგენებმა შემოგვინახა. მოხსენება დაყოფილია 6 ნაწილად და ის შემდეგ საკითხებს აერთიანებს: 1. ქვევრი – მატრიცა, რომელიც აღწერს ამ უძველესი და ეროვნული საღვინე ჭურჭლის ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართებას. 2. ღვინო - მზის ნაჟური - ეხება მზის უძველესსა და ცხოველმყოფელ კულტს, რომელიც ოდითგანვე გადაწნულია ვაზისა და ღვინის კულტთან. 3. ვაზი – ხე სიცოცხლისა. მოხსენების ამ ნაწილში ვაზი წარმოჩენილია როგორც ქართველთავის სიცოცხლის სამოთხეული ხის თვალსაჩინო გამოვლინება, რომლის ნაყოფსაც მაცოცხლებელი და მაცხონებელი ძალა აქვს. ამის დასტურია წმინდა ნინოს მიერ ვაზის ჯვრით საქართველოს გაქრისტიანებაც. 4. ქართული მარანი - სამოთხის მიწიერი ხატება. ქართული ცნობიერებით, მარანი, როგორც სიწმინდე, ეკლესიასაც ედარებოდა და მასში არაერთი მნიშვნელოვანი რიტუალი აღესრულებოდა (მაგ. ჯვრისწერა); ამასთან, მარანი ის ადგილია, სადაც ქართული ფოლკლორით ვაზი, საკრალურ ალვის ხედ ამოდის, ხოლო მის ტოტზე ბულბული გალობს. ქართულ მარანში სიცოცხლის ხედ შერაცხული დედაბოძის არსებობაც მის საკრალურობას კიდევ ერთხელ მიანიშნებს. 5. დიონისე და ღვინის მფარველები. მოხსენების ამ ნაწილში განხილულია ის ანთროპომორფული ღვთაებები, რომლებიც ვაზისა და ღვინის კულტთან არიან დაკავშირებულნი. ქართულ რეალობაში ასეთია – ღვთაება აგუნა. ღვთაება დიონისეს მცირეაზიურ კულტთან ერთად, აქვე განხილულია არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე პლასტიკა, რომელიც თავისი ატრიბუტიკითა და ფორმით, ღვინის ღვთაებებად აღიქმებიან. 6. პურ-ღვინო, საფერხულო ქორბეღელა და მრავალჟამიერი. მოხსენების ამ დასკვნით ნაწილში გამოკვეთილია ქართულ ყოფაში, ნეოლითიდან მოყოლებული ორი უმნიშვნელოვანესი კულტურის: ხორბლისა და ღვინის მჭიდრო რელიგიური კავშირი და რიტუალში მათი საკრალური ერთობა. აქვე განხილულია საფერხულო ქორბეღელას რელიგიური საზრისი, რომელიც ხორბლის მოსავლის მოთხოვნასთან ერთად, ღვთის კარზე რგული ვაზის, ვითარცა სიცოცხლის ხის სადიდებელიცაა.
საკვანძო სიტყვები: ღვინო, იდენტობის სიმბოლო,