ლალი შაშიაშვილი

არქიტექტორი

თბილისი, საქართველო

lalikoshashiashvili@yahoo.com

რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და      ინფრასტრუქტურის მოწყობა

აბსტრაქტი

თანამედროვე სამყაროს ცნობიერებაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თითოეული ძეგლი ეროვნული მნიშვნელობის ობიექტია, რომელშიც ისტორიისა და ეპოქის სულიერი და კულტურული ღირებულებებია ასახული.

  ბუნებრივია, დასაფასებელი და საამაყოა მსგავსი მნიშვნელობისა და ღირებულებების მატარებელი ობიექტები, რომლებიც ხიბლს ანიჭებენ დროსა და სივრცეს. ასე იქმნება ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენენ ამა თუ იმ ქვეყნისა თუ კუთხისთვის. 

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, მათი შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა მნიშნელოვანია. თუმცა  დღეს საკმაოდ აქტუალურია რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საკითხისადმი განსხვავებული მიდგომები. ხშირია რეკონსტრუქციით გამოწვეული თავდაპირველი იერსახის ცვლილება, ამა თუ იმ ნაგებობის  სივრცესთან მიმართებაში კონცეფციური ამოვარდნა,  რაც თავის მხრივ ქალაქისა თუ სოფლის იერსახეზე უარყოფითად აისახება.

პროექტის არსი

რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია/რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქცია და მისი ინფრასტრუქტურული განვითარება გულისხმობს მწერლის მემორიალური სახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენას და თანამედროვე მოთხოვნებისადმი მორგებას. შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, ნაგებობას უნდა დაუბრუნდეს ავთენტური იერსახე. ამავდროულად, მისი ფუნქციური დატვირთვისა და გაცოცხლებისათვის აუცილებელია მე-19 საუკუნის არქიტექტურული შენობის თანამედროვე სამუზეუმო მოთხოვნების გათვალისწინებით დატვირთვა .

მიზანი 

უმთავრესი მიზანია, რეგიონალური მოძრავი, უძრავი და ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული მეხსიერების დაცვა-შენარჩუნება და რეგიონში აქტივობებით დატვირთული, მულტიფუნქციური სამუზეუმო, საგანმანათლებლო, რეწვითი, კომერციალიზებული (გასტრონომიული, სასუვენირე და სხვა) სივრცის შექმნა.

პროექტის მიზანია, რაფიელ ერისთავის მემორიალური სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაციისა და სამუზეუმო ადაპტაციის პროექტის მომზადება. პროექტმა  პოპულარიზაცია უნდა გაუწიოს არაგვის საერისთავოსა და  ერისთავების ისტორიას, მათთან დაკავშირებულ კულტურულ მემკვიდრეობას,  რაფიელ ერისთავისა და მისი დის, ბარბარე ჯორჯაძის საინტერესო და მრავალმხრივ მოღვაწეობას, ხელი შეუწყოს რაფიელ ერისთავის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულფასოვან, საინტერესო და მრავალფუნქციურ სივრცედ გარდაქმნასა და რეგიონის კულტურულ ჰაბად ჩამოყალიბებას. 

ახალი მუზეუმი უნდა იყოს არაფორმალური განათლების, ტრადიციული რეწვის ხელშემწყობი, შემეცნებით-ისტორიული შინაარსით დატვირთული მარნისა და კაფეს (,,ბუფეტის) ,,ბარბარე“, შემოქმედებით-კულტურული ღონისძიებების თანამედროვე კერა, გათვლილი მულტიეთნიკურ-რელიგიურ მოთხოვნებზე, გენდერულ თანასწორობაზე, რეგიონში ქალის სოციალიზაციასა და  აქტივობის ზრდაზე, ადგილობრივი თემის განვითარებაზე. მარნის, კაფეს, სასუვენირე სივრცეების ფუნქციონირებით ხელი შეეწყობა ადგილობრივთა დასაქმებას, კულტურული, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის, რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.