ნინო ჩიხლაძე

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

საქართველოს უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

თბილისი, საქართველო

https://orcid.org/0000-0002-3133-7330

nino_chikhladze@yahoo.com   Nino.chikhladze@ug.edu.ge  

XX საუკუნის 70-80-იანი წლების შუშანიკის წამების ვიზუალიზაციის
მხატვრულ-ისტორიული კონტექსტი

უძველესი ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიული თხზულება „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ დაწერილი დედოფლის პირადი მოძღვრის, იაკობ ხუცესის (ცურტაველის) მიერ, გამორჩეული ლიტერატურული ქმნილებაა, თუმცა მის მიმართ თანამედროვე ქართველ ხელოვანთა საგანგებო ინტერესი განსაკუთრებული სიმძაფრით XX საუკუნის 70-იანი წლებში გამოვლინდა, რაც არ იყო შემთხვევითი.

   XX საუკუნის 70-იანი წლები საქართველოში ეროვნული მოძრაობის სულისკვეთების მზარდი განწყობების გამომხატველი პერიოდია, რომლის კულმინაციასაც 1978 წლის 14 აპრილის მანამდე არნახული საერთო სახალხო გამოსვლა წარმოადგენდა ქართული ენის დასაცავად. საზოგა­დოებამ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისთვის და მიაღწია საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის უკან გაწვევას, რომლის ამოქმედების შედეგადაც უნდა გაუქმებულიყო ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ვფიქრობთ, გარკვეულწილად ამ მოვლენათა საპასუხო გაგრძელებაა ქართული ენის უძველესი ცოცხალი ძეგლის – „შუშანიკის წამების“ 1500 წლისთავის საყოველთაო აღნიშვნა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ესენია სამეცნიერო კონფერენციები, პუბლიკაციები, თეატრალური და საოპერო დადგმებიც კი, რომელთა გააზრებისა და მხატვრული გადაწყვეტის დროს ფართო გასაქანი მიეცა ტექსტის თავისუფალი ინტერპრეტირებისა და პერსონაჟთა ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვის კუთხით წარმოჩენის შემოქმედებით პროცესებს. ამან გააჩინა საფუძვლიანი ანალიზისა და მწვავე კრიტიკის შემცველი უაღრესად საინტერესო პოლემიკური ტექსტები ლიტერატურულ თუ სახელოვნებო პერიოდიკაში. პარალელურად მოეწყო გამოფენები და განხორციელდა „შუშანიკის წამების“ რამდენიმე ილუსტრირებული გამოცემა, სადაც გამოჩნდა მხატვრული დასურათების განსხვავებული მიდგომები, რომელთა შორის გამოვყოფთ ორ უმთავრესს. ერთ შემთხვევაში მხატვრები გვთავაზობენ ტრადიციული კულტურულ-ისტორიული კონტექსტისგან თავისუფალ ვერსიას და მარტვილობის ტექსტის მოტივებზე შექმნილ ილუსტრაციებს (ზურაბ ნიჟარაძე, ლორეტა შენგელია-აბაშიძე, ლევან ცუცქირიძე), მეორე მიდგომით, მხატვარი არა მხოლოდ მისდევს ტექსტს, გამოკვეთს მის სემანტიკურ მნიშვნელობას, არამედ ითვალისწინებს ნაწარმოების ეპოქას (მამია მალაზონია, კარლო ფაჩულია).

1978 წელს დაწყებული „შუშანიკის წამების“ 1500 წლისთავის აღნიშვნა 1983 წელს დაგვირგვინდა განსაკუთრებული გამოცემით, რომელშიც ნუსხურითა და მხედრულით შესრულებული „შუშანიკის წამების“ ქართული ტექსტის გარდა, მოცემულია რუსული, ლათინური, ინგლისური, ფრანგული, ესპანური და გერმანული თარგმანები. ამით წიგნი  ნაწარმოების მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლად გააზრების პრეტენზიასაც აცხადებს, თუმცა მას არ გააჩნია სამეცნიერო აპარატი და „განწირულია“ საბჭოთა ჩაკეტილ სივრცეში არსებობისთვის. ვფიქრობთ, ის უფრო ვიზუალური არტეფაქტია (შემდგენელი და რედაქტორი ოთარ ეგაძე), რომელსაც ძირითადად, სწორედ მხატვრები ქმნიან. განსაკუთრებულ ღირებულებას მას სძენს რვა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილისა და მიდგომის მხატვართა (მამია მალაზონია, ბელა ბერძენიშვილი, სამეული, ლევან ცუცქირიძე, ზურაბ ნიჟარაძე, თენგიზ მირზაშვილი, ზურაბ ჯაბაძე, ლორეტა შენგელია) 62 ილუსტრაცია, რომლებშიც ჩანს ზემოთდასახელებული ორივე ტიპის მხატვრული მიდგომა. მათში არეკლილია 60-იანი წლების რეფორმატორ მხატვართა თაობის პიროვნული  და ეროვნული თავისუფლების ძიების ნიშნები და ამიტომაც ისინი ქმნიან ღირებულ არტეფაქტებს, რომლებიც XX საუკუნის 70-80-იანი წლების ეროვნული მხატვრული ძალების გამოღვიძების ნათელ გამოვლინებად აღიქმევა დღესაც. 

 

საკვანძო სიტყვები: შუშანიკის წამება, XX საუკუნის 70-80-იანი წლები, თეატრალური და საოპერო დადგმები, ილუსტრაციები