Rusudan Saginadze
PhD in Philology
Akaki Tsereteli State University
Professor
Kutaisi, Georgia
Orcid: 0000-0001-9230-0243
Rusudan Saginadze
PhD in Philology
Akaki Tsereteli State University
Professor
Kutaisi, Georgia
Orcid: 0000-0001-9230-0243
რაფიელ ერისთავის იმერეთში მოღვაწეობის ქრონიკები
რაფიელ ერისთავი ცნობილია როგორც მრავალმხრივი მოღვაწე. ის იყო, ერთი მხრივ, სახელმწიფო მოხელე და, მეორე მხრივ, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ლექსიკოგრაფი, ეთნოლოგი, ცენზორი… ასეთად დარჩა რაფიელ ერისთავი სიცოცხლის ბოლომდე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია რ. ერისთავის ღვაწლი ქართული ენის დაცვასა და განვითარებაში, მისი ნაშრომები ლექსიკოლოგიასა და ტერმინოლოგიაში, რამდენიმე ლექსიკონი როგორც ტერმინოლოგიური, ისე განმარტებითი ხასიათისა (რამდენიმეენოვანი), ლექციები ქართულ ენაზე „ქართულის ენის დაარსებასა და წარმატებაზედ“ („დროება“, 1882, 26 თებ., N42), აგრეთვე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში… მის მიერ გამოცემული „მოკლე სქემა პირველისა ნაწილისა ღრამმატიკისა…“ (ტფ., 1880).
„თ. რაფიელის ნაწერებს აქვთ ოთხი დიდი ღირსება: ორიგინალობა, ქართულის ცხოვრების ბეჭედი, წმინდა ქართული ენა და შესაბამისი კილო“, − ასე შეაფასა რ. ერისთავის ნაშრომები ი. გოგებაშვილმა, რომელიც ყოველთვის წარმოაჩენდა მის პიროვნულ ღირსებებსა და შემოქმედებით მიღწევებს („ივერია“, 1881, N12).
სახელმწიფო სამსახურში სამოხელეო საქმიანობამ რაფიელ ერისთავს მისცა შესაძლებლობა, ახლოს გასცნობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს: თიანეთს, იმერეთს, სამეგრელოს… ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული მოღვაწის შემოქმედებითსა და სამეცნიერო კვლევა-ძიების ნიჭსა და უნარს. ამ მხრივ განსაკუთრებულია იმერეთში, კერძოდ, ქუთაისში, გატარებული წლები.
როგორც ცნობილია, რ. ერისთავს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მოღვაწეებთან (უმცროს თაობასთან): ილია ჭავაჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან, იაკობ გოგებაშვილთან… სწორედ ისინი იყვნენ მისი პირუთვნელი შემფასებლებიც, რაც კარგად ჩანს მათ პუბლიკაციებში, პირად წერილებში.
ნაშრომში რაფიელ ერისთავის მოღვაწეობა გაანალიზებული იქნება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული საარქივო მასალების, აგრეთვე, სხვა დოკუმენტებისა თუ პუბლიკაციების მონაცემების მიხედვით.
საკვანძო სიტყვები: მოღვაწე, სახელმწიფო სამსახური, შემოქმედება, საარქივო მასალა, პოეზია.