ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

n.shavtvaladze@ug.edu.ge

ზედსართავი სახელების სწავლება ქართულში B1 და C1 დონეების მიხედვით (ენათა ევროპული ჩარჩოს შესაბამისად)

აბსტრაქტი

ქართულის, როგორც უცხო ენისადმი ინტერესი ამ საუკუნიდან განსაკუთრებით აღინიშნება. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც, ქართველებს, გვაქვს სახელმძღვანელოები, რომლებიც უკვე გაწერილია დონეების მიხედვით, დასაწყისიდან უმაღლეს დონემდე.

მსოფლიოში გავრცელებული და დადგენილია ენის, როგორც უცხო ენის შემსწავლელი სტრატეგიები, სწავლების გზა, მიდგომები, გამოყენებული მეთოდები, ხერხები. ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა გამოგვეყენებინა, აგვეთვისებინა, ჩაგვეტარებინა კვლევა და შევჯერებოდით ამ მიდგომებს. აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა ქართული ენის სტრუქტურა, მეთოდური ბადე. სხვა შემთხვევაში, შედეგს ვერ მივაღწევდით. სახელმძღვანელოს ვარგისიანობას მომხმარებელი ადგენს, ეს წარმატება წლებითა და წიგნის გამოცემის რაოდენობით იზომება, თან ქართული ენა მსოფლიო მასშტაბის არენაზე მოთხოვნის მიხედვით ვერ დაიკვეხნის.

ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა არსებობს ქართულ ენაზე A1 დონიდან C1 დონის ჩათვლით. აქ განსაზღვრულია ქართული ენის ფლობა მოსმენის, კითხვის, მეტყველებისა და წერის შესაბამისი კატეგორიებით. დიდ ბრიტანეთს საყოველთაოდ წარდგენილი აქვს დოკუმენტი, რომელიც შესრულებულია ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების რეკომენდაციათა საერთო ევროპული ჩარჩოს CEFR ექვსდონიანი სისტემის − A1, A2, B1, B2, C1, C 2 −საფუძველზე.

„სემიტა.ენის სკოლა“ უკვე სთავაზობს მომხმარებელს ქართულის, როგორც უცხო ენის სახელმძღვანელოთა სერიას „ბილიკი“, რომელშიც წარმოდგენილია ყველა დონე - A1, A2, B1, B2, C1. გათვალისწინებულია ქართული ენის შინაგანი სტრუქტურა, შეფასების ინდიკატორები, მტკიცებულებები და დონესთან შესაბამისობა. ზოგადად, სახელმძღვანელოთა აგებულებაზე, შიგთავსსა და სტრუქტურაზე ვისაუბრეთ წინა სტატიებში.

ამჯერად, ჩვენ განვაგრძობთ საკვლევ თემას - ზედსართავ სახელს. წარმოვადგინეთ A1, A2, B1 დონეებზე ზედსართავები, რომლებიც დალაგებულია შესაბამისობის მიხედვით და წარდგენილია თემატიკასთან ბმაში. ჩვენი ინტერესია დავადგინოთ, თუ რას ეძლევა უპირატესობა ქართულ ენაში დონეებით ზედსართავი სახელის არჩევისას, რატომ, როგორაა მისი ფუნქციები წარმოდგენილი, რომელი მორფოლოგიური კატეგორიის მიხედვით ნაწილდება და როგორ. აგრეთვე, საინტერესოა შინაარსისა და ფუნქციების განშლა; როგორ ავლენს ქართული სისტემა ამ მეტყველების ნაწილით გრძნობების შეფასებას, ემოციის მართვის იდენტიფიკაციას, დამოკიდებულების განსაზღვრას. მნიშვნელოვანია CEFR აღწერილობასთან შედარება, დადგენა, თუ რას ეძლევა უპირატესობა - ფორმას, შედგენილობას თუ შინაარსს. საინტერესო იქნება ინგლისური ენის მაღალ დონესთან ქართული მჭევრმეტყველების ფორმატის დადგენა.