საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

თბილისი/საქართველო

nino.chikhladze@ug.edu.ge


Abstract

თეზისები (300-400 სიტყვა) Abstract (appr. 400 words) წმინდა გიორგის სახელობის XIII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია გელათის სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი შემადგენელია. მისი ძირითადი ინტერიერისა და დასავლეთის სტოა-კარიბჭის სამხრეთი ეკვდრის მოხატულობათა შესწავლა ახალ ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც ტაძარში აღიმართა ხარაჩოები და 2024-2025 წლებში რესტავრატორთა ჯგუფის მიერ ჩატარდა სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. ახალი მონაცემების დამუშავებამ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დროს შესრულებული მოხატულობის ფენების, მათ შორის, მანამდე უცნობი ფენის, გამოვლენისა და მათი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის განსაზღვრის საშუალება მოგვცა. ეკლესიის ინტერიერში გამოვლინდა სამი მხატვრული ფენის არსებობა, რომელთაგან უძველესი ტაძრის აგების პერიოდის, ანუ XIII საუკუნის შუაწლების დროისაა და მისი ფრაგმენტები ძირითადი სივრცის სხვადასხვა ნაწილებშია გაბნეული. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიის დასავლეთ ნაწილში სტოა-კარიბჭე გადააკეთეს და სამხრეთის მცირე ეკვდერი მოიხატა. მხატვრობისა და ერთადერთი ქტიტორის გამოსახულების შესწავლის საფუძველზე მოხდა მისი იდენტიფიცირება. ის შეიძლება იყოს დავით VI ნარინის (1246-1293) მწირველი და გელათის მონასტრის მოძღუართ-მოძღუარი ანტონი, რომელიც მოხსენიებულია დავით ნარინის მეუღლის, დედოფალ თამარ ემენელაჲსძის ასულის 1260-1267 წლებით დათარიღებულ საბუთში. საფიქრებელია, რომ ანტონი იყო ეპისკოპოსი და მოხატულობის პროგრამის ცალკეული იკონოგრაფიული დეტალების გათვალისწინებით, სწავლული პიროვნებაც. განსხვავებულ ნალესობაზეა შესრულებული მეორე ფენა, რომელიც დღეს არსებული ძირითადი, XVI საუკუნის 70-80-იანი წლების ჩამოშლილი მხატვრობის ქვეშ ჩნდება საკურთხეველსა და სამხრეთ მკლავში ორნამენტული დეკორის სახით. ეს ფენაც გვიან პერიოდს, XV-XVI საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სადღეიოდ შემორჩენილი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის ევდემონ I ჩხეტისძისა (1545-1578) და იმერეთის მეფე გიორგი II-ის (1565-1583) დაკვეთით 1578-1583 წლებს შორის შესრულებული მესამე ფენის მხატვრობაა, რომელიც თავისი დროის მაღალი მხატვრული სტილისა და საშემსრულებლო ოსტატობის ნიმუშია. მოხატულობა ცალკეული იკონოგრაფილი დეტალების, ფერადოვანი გადაწყვეტისა და ფორმათა მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით, მკაფიო მსგავსებას ამჟღავნებს ათონის მთის ლავრის კათოლიკონის 1535 წლის თეოფანე კრეტელის მხატვრობასთან და საერთოდ, XVI საუკუნის „კრეტული“ სკოლის მხატვრულ მიღწევებთან. ამიტომაც გელათის წმინდა გიორგის ეკლესიის ძირითადი მოხატულობა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ზოგადად, პოსტბიზანტიური ხანის აღმოსავლეთ ქრისტიანული მხატვრობის გამორჩეულად მაღალპროფესიულ მოხატულობებს შორის მოიაზრება.


Keywords

გელათი, წმინდა გიორგის ეკლესია, მონუმენტური მხატვრობა, მოძღვართმოძღვარი ანტონი