თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

მაგისტრანტი

თეოლოგია, ფილოსოფია

თბილისი/საქართველო

b.onikashvili@gmail.com


აბსტქარტი

კრისპოსისა და სოსთენის (საქ. 18. 8; 18. 17) იდენტობის საკითხის ეგზეკეტიკური და ტექსტოლოგიური ანალიზი ნაშრომში განხილულია „საქმე მოციქულთაში“ (საქ. 18. 8; 18. 17) მოხსენიებული კორინთოს სინაგოგის მმართველთა - კრისპოსისა და სოსთენის - იდენტობის საკითხი და მასთან დაკავშირებული ეკზეგეტიკური და ტექსტოლოგიური განსხვავებები. მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია ორ ძირითად ინტერპრეტაციაზე: ერთი მხრივ, წმინდა იოანე ოქროპირის პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც კრისპოსი და სოსთენი ერთი და იგივე პიროვნებაა: „ნუუკუე და ამისთჳსცა სცემდეს სოსთენის, რამეთუ შეეწეოდა პავლეს და დააყენნა იგინი მკლველობისაგან ხოლო საგონებელ არს, ვითარმედ მასვე ზემო-წერილსა კრისპოსს ეწოდებოდა სოსთენიცა, რამეთუ დაღაცათუ სახელნი ორ, არამედ პატივი ერთ არს შესაკრებლის-მთავრობაჲ, რომელი მუნ მორწმუნე იქმნა [საქმე 18. 8], ხოლო აქა [საქ. 18. 17] იცემებოდა პავლესთჳს“ - სამოციქულოს განმარტება I, 2011: 316-317). ხოლო, მეორე მხრივ, იმ მამათა და განმმარტებელთა მოსაზრებებზე, რომლებიც მათ ორ სხვადასხვა პირად მიიჩნევენ. კვლევაში მოცემულია ორივე პოზიციის კრიტიკული განხილვა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იოანე ოქროპირისეულ ვერსიას და მისი განმტკიცების მცდელობას. კვლევა ეფუძნება როგორც ბიბლიური ტექსტის შინაარსობრივ ანალიზს, ასევე სხვადასხვა ხელნაწერთა შედარებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქ. 18.17-ის ტექსტს, სადაც სოსთენის ცემის ეპიზოდია აღწერილი. აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ სხვადასხვა ხელნაწერში განსხვავდება სოსთენის მცემელთა იდენტობა − ისინი ზოგ შემთხვევაში ბერძნებად, სხვა შემთხვევაში კი ებრაელებად არიან მოხსენიებულნი (οι Ελληνες, οι Ιουδαιοι - Nestle-Aland, Novum Testamentum Graece, 28th Revised Edition, Stuttgart, 2012: 445). ნაშრომში ეს განსხვავება გამოიყენება არა როგორც წინააღმდეგობა, არამედ როგორც ტექსტის ინტერპრეტაციის გასაღები. ამასთანავე ვაანალიზებთ ტერმინ „ბერძენის“ მნიშვნელობას ახალ აღთქმაში, რაც სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება აღნიშნავდეს როგორც წარმართებს, ასევე ელინისტ ებრაელებს ან პროზელიტებს. კრისპოსისა და სოსთენის იგივეობის ჰიპოთეზა უკეთ ხსნის ნარატიულ თანმიმდევრობას: კრისპოსის მოქცევა, მისი ავტორიტეტი სინაგოგაში და შემდგომში პავლე მოციქულის დაცვა გალიონის სამსჯავროზე ერთიან სიუჟეტურ ხაზში თავსდება. ამ კონტექსტში სოსთენის ცემა შეიძლება აიხსნას როგორც რეაქცია მის ახალ სარწმუნოებრივ პოზიციაზე და პავლესადმი მხარდაჭერაზე. ამავე დროს, აღნიშნული იდენტიფიცირება ამყარებს კავშირს პავლე მოციქულის კორინთელებისადმი გაგზავნილი პირველი წერილის დასაწყისში მოხსენიებულ სოსთენთან (1კორ. 1. 1.), რაც დამატებით არგუმენტს წარმოადგენს მის ქრისტიანად მოქცევასთან დაკავშირებით. ამრიგად, კრისპოსისა და სოსთენის ერთ პიროვნებად განხილვა წარმოადგენს უფრო თანმიმდევრულ და კონტექსტუალურად გამართლებულ ინტერპრეტაციას, რომელიც აერთიანებს ტექსტოლოგიურ, ისტორიულ და ეგზეგეტიკურ მონაცემებს და საშუალებას იძლევა უფრო ღრმად იქნას გააზრებული „საქმე მოციქულთას“ შესაბამისი მონაკვეთი.


Keywords

ეგზეგეტიკა, კორინთოს სინაგოგის მმართველობა, იდენტობის პრობლემა, საქმე მოციქულთა, ტექსტოლოგია, თეოლოგია, ტერმინის ანალიზი, ბიბლიური ტექსტის ვარიაციები.