თბილისის სასულიერო აკადემია

თსას ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგის თანაშემწე

ფილოლოგია

თბილისი/საქართველო 

qetimamasakhlisi@yahoo.de

 


აბსტქარტი

წმ. პალადი ჰელენოპოლელის „ლავსაიკონი“ ქრისტიანული მონასტრული ცხოვრების მატიანეა. მასში გადმოცემულია უშუალოდ ავტორის მიერ ნანახი ისტორიები, ზეპირი მონათხრობი და წერილობითი წყაროები. თხზულებიდან ვიგებთ, რომ უდაბნოში სამოღვაწეოდ გასული პალადი რომელიმე მონასტერში კი არ დამკვიდრდა, არამედ ასკეტურ მოსაგრეობასთან ერთად პირველი მეუდაბმოე მამების გაცნობას შეუდგა. ის ჯერ ეგვიპტეში თებეს უდაბნოს ესტუმრა, შემდეგ კი ნიტრიის მთისკენ გაემართა. სამეცნიერო წყაროების თანახმად, პალადიმ განდეგილური მოღვაწეობა დაახლოვებით 388 წელს დაიწყო. „ლავსაიკონის“ ძველი ქართული თარგმანი ეკუთვნის ეფრემ მცირეს. აღნიშნული თარგმანის შემცველი ნუსხებიდან უმრავლესობა XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. არქაულობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ფასეულია სამი ხელნაწერი: A143, A 682 და A128. ამათგან ორი ნუსხა შედგება ორი ეპისტოლესა და 72 თავისგან, ხოლო მესამე - A128 წარმოდგენილია ორი ეპისტოლით და მხოლოდ 21 თავით. A 143 ნუსხა, რომელიც „ლავსაიკონის“ ქართული თარგმანის „სრულებითი“ სახეა, თითქმის ეფრემის თანადროულია და შესრულებულია ეტრატზე. A 128 ხელნაწერში დაცულია „ლავსაიკონის“ გამოკრებილი რედაქცია, რომელიც ანონიმმა ქართველმა ავტორმა ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდების შერჩევის გზით შეადგინა. ჩვენი აზრით, ის წარმოადგენს კვინობიტურ რედაქციას, რომელსაც ჩვენს ეკლესია-მონასტრებში პრაქტიკული დანიშნილება ჰქონდა. თხზულებაში გადმოცემულია IV-V საუკუნეების ეგვიპტის ისტორია. ნაჩვენებია მამათა მონასტრების გვერდით ქალ მოწესეთა ამბავიც. პალადის თანახმად, მონასტრული ცხოვრების პირველ საუკუნეებში მოღვაწეობის მოსურნე ქალების რაოდენობა არ ჩამოუვარდებოდა მამებისას. მარტო ქალაქ ანტინოოში დედათა თორმეტი მონასტერი იყო. ამ მონასტერში პალადიმ მოინახულა დედა ატილდა, რომელიც ოთხმოცი წელი უფ¬ალს ემსახურა. ამ მონაზვნის ახლობლების უწყებით, ატილდა სამოც ქალწულს წინამძღოლობდა. ამავე მონასტერში მოღვაწეობდა ქალწული ტაორი, რომელსაც ოცდაათი წლის განმავლობაში არც ახალი სამოსი შეუმოსავს და არც ახალი თავსაბურავი თუ ფეხსაცმელი შეუძენია. წმინდა დედა არასოდეს გადიოდა სენაკიდან და გამუდმებით ხელსაქმობდა, რათა თავისი გარეგნული სიმშვენიერით არავინ დაებრკოლებინა. ზოგადცხოვრებულთა წესის გარდა, თხზულებაში მოთხრობილია მარტომყოფი დედების შესახებაც. მეტიც, გადმოცემულია იმ ქალი მოღვაწეების ამბავი, რომლებმაც სოფელს ზურგი საფლავში დაყუდებით შეაქციეს. ასეთია ქალწული ალექსანდრა, რომელმაც 25 წელი მარტოობასა და დუმილში გაატარა, რათა ამ გზით დაეძლია წუთისოფელი. „ლავსაიკონში“ მოცემულია ერთი სალოსი მონაზვნის ისტორიაც, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ანალოგს ნისიმეს ცხოვრებასთან ჰპოვებს. პალადი გვიყვება იმ ქალწულის შესახებაც, რომელმაც ექვსი წელი შეიფარა დევნული იოანე ოქროპირი. „ლავსაიკონი“ მაღალი წრის ქალების შესახებაც მოგვითხრობს, რომლებმაც არისტოკრატულ ცხოვრებას ქრისტესთვის მსახურება არჩიეს. ასეთები არიან: უფროსი მელანია რომაელი და მისი შვილიშვილი, რომელიც ბებიის მოსახელე იყო და უფლის გზაზე სვლისას მრავალი განსაცდელი დაითმინა. თხზულების ქალი პერსონაჟები მოციქულებრივი საქმიანობითაც გამოირჩევიან. ამდენად, ქრისტიანული ასკეტური ცხოვრების პირველი საუკუნეებში მოსაგრე წმინდა მამების გვერდით მოღვაწე ქალების გასაცნობად „ლავსაიკონი“ ერთ-ერთი უძველესი წერილობითი წყაროა. მას შეიძლება ვუწოდოთ მრავალთავი, რომელიც იქმნება სამეფო კაცის, ლავსეს, დაკვეთით, და რომელშიც მოსაგრე მამებისა და დედების სულიერი ცხოვრებიდან გამოკრებილი ეპიზოდები გარკვეული ქრონოლოგიური და გეოგრაფიული პრინციპით არის დალაგებული. ის, ამავე დროს, დამრიგებლურ ხასიათს ატარებს. პალადი ჰელენეპოლელის „ლავსაიკონი“ დიდმარხვის პერიოდში მითითებულია როგორც საკითხავი ეკლესი-ამონასტრებში ღვთისმსახურების დროს.


Keywords

პალადი, ეგვიპტე, ლავსაიკონი, მოწესე, სალოსი, მრავალთავი, მელანია რომაელი