თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
საქართველოს შუა საუკუნეებისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
წყაროთმცოდნეობა
ისტორიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
datomerkvila@yahoo.com
აბსტრქატი
„ქაშვეთისა“ და მისი დღესასწაულების ანარეკლი ცენტრალური კავკასიონის მთიანეთში ქაშვეთის სახელობის ეკლესიები საქართველოში უმეტეს ნაწილში არის მიმოფანტული (ამის თაობაზე წლების წინ წავიკითხე მოხსენება). ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ კავკასიონის მთიანეთის ცენტრალური ნაწილში მიკვლეულ სალოცავებსა და ტოპონიმიკაზე, რომლებიც ამ მხარეში „ქაშვეთის“ კულტის გავრცელებაზე ანდა მისი გავრცელების ანარეკლზე მიგვითითებს. ხევში (სტეფანწმინდის მუნ.ტი) მიკვლეულია ორი ტოპონიმი: ქაშეთიაი (სათიბის) სოფ. ყანობთან და ქაშეთაი (სალოცავი ტყე) სოფ. ხურთისთან (ვალ. ითონიშვილი). ამავე დროს ქაშეთა წარმოადგენდა დღესასწაულს, რომელსაც ადგილობრივები გაზაფხულობით აღნიშნავდნენ. მოხევეებს იგი ბავშვთა დღესასწაულად წარმოუდგენიათ (ბეგოიძე). „ძეგლი ერისთავთაში“ ნახსენებია, რომ „ინება წმიდამან გიორგი ქაშოეთისმან მოსლვა მკვიდრობად სახლსა ვირშელისასა, რომლისა სასწაულნი, რომელთა იქმოდა, აურაცხელ არიან, ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი და ქვიშა ზღვისა.“ გახარებულმა ერისთავმა ვირშელმა „შეამკო ჯვარი და კუბო მისი და მოჭედა ვეცხლითა და ოქროითა და იწყო შენებად ეკლესიისა სახელსა ზედა მოწამისასა, საზღვარსა ვარნისასა, ადგილსა მშვენიერსა ყოვლით კერძო.“ დღეს ქსნის ხეობაში ამ სახელწოდების პუნქტი სხვა წყაროებით არ დასტურდება. თუმცა, მეორე მხრივ, გამოთქმულია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქსნის ხეობის ზემო წელზე, ქარჩოხის ხეობაში, სოფ. მიდელაანთან მდებარე ნასოფლარი ქოვსოითი უნდა ყოფილიყო ხევისთავის საცხოვრებელი, რაც დასტურდება იქვე აღმოჩენილი შუასაუკუნეების არქიტექტურული ძეგლების ნაშთებითა და ნამარხი განძით. და რაც მთავარია, აქვე დგას იმავე ეპოქის ქაშვეთის სამლოცველო (ვიტ. ქენქაძე). შესაძლებელია, ეს იყოს ვირშელის მიერ აგებული ქაშოეთის ეკლესია, ხოლო ამისგან იქნა შემდგომ მიღებული სახელწოდება „ქოვსოითი“. ქსნის ხეობიდან უნდა გავრცელებული ქაშვეთის წმ. გიორგის კავკასიონის ქედის გადაღმა მცხოვრებ ოსებში. ქურთათის თემის მაღალმთიან სოფელ ხიდიყუსის თავზე არის სალოცავი ქასუთა (ქასუთი ძუარ), რომლის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის მეორე შაბათს. ამ დღეს აქ მოჰყავთ ახალგაზრდრა გათხოვილი ქალები და ლოცულობენ ვაჟიანობისა და ახალშობილთა ჯანმრთელობისათვის. ამავე სახელწოდების სალოცავი არის მაღალმთიან ნასოფლარ ჯიმში (ალაგირის თემი) და სადაც იმავე დროს ზემოაღწერილი რიტუალი სრულდებოდა (ცაგაევა). გამოთქმულია ვარაუდი, რომ ოსურ სალოცავ ქასუთას სათავე თბილისის ქაშვეთის ტაძარი უნდა იყოს (აბაევი). XIX ს-ში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მოსახლე ოსებში დადასტურებულია დღესასწაული „ქაშიეთბა“ (პერევალეკო), რაც ქართული დღესასწაულის, ქაშვეთობის პირაპირი ანალოგი უნდა იყოს (უარზიათი). ქასუთას ქაშვეთისგან წარმოშობას მხარი დაუჭირეს ხიდიყუსის ძეგლების შემსწავლელმა თანაავტორებმაც (ბელეცკი, გაბოევა). სალოცავები ქასუთა არსებობდა თრუსოს ხეობაში (სტაფანწმინდის მუნიციპალიტეტი) მაღალმთიან სოფლებში: ზაქაგორთან (ოსურ. ჩეთოითიყაუ) და სოფ. აბანოსთან (ოსურ. აბანა) (ცაგაევა). მართალია, შემდგომ იგი ქალწულ მარიამის (Мады Майрам) სალოცავად იხსენიება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოს აქ დღესასწაულობდნენ ჯიორგუბას - წმ. გიორგის დღესასწაულს (კუნოვი, კაიროვი). ინგუშეთში არის ორი სოფელი სახელწოდებით ქაშეთი ჯაირახისა და გულოიხის ხეობებში (ჩახკიევი). მართალია, სემანტიკურად მათ სახელწოდებებს ჩვეულებრივ „საფლავებს“ (ინგ. „ქაშ“) უკავშირებენ, თუმცა სავსებით შესაძლებელია, მათაც უშუალო კავშირი ჰქონდეს „ქაშვეთთან“ და თუნდაც მეზობლად მცხოვრები ოსების გავლენით იყოს ინგუშეთში შეტანილი (ბელეცკი, გაბოევ). ამრიგად, ქაშვეთის წმ. გიორგის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ცენტრალური კავკასიონის როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კალთებზე. ამას მიანიშნებს შესაბამისი რელიგიური რიტუალებიც.
Keywords
ქაშვეთი, წმინდა გიორგი, ქასუთა, ქაშეთი, ხევი, ქსნის ხეობა, თრუსოს ხეობა, ოსეთი, ინგუშეთი, რელიგიური დღესასწაულები