ქ.თბილის 178 საჯარო სკოლა
მენტორი მასწავლებელი
ფილოლოგიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
nestani.gambashidze55@gmail.com
აბსტქარტი
რეზიუმე მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლებიდან თაობა, რომელიც გამოვიდა ასპარეზზე, იყო ქართული ეროვნულობის დამცველი და მოსურნე იმისა, რომ ტრადიციული ღირებულებებით საქართველო ღირსეულად დამდგარიყო სხავადასხვა ევროპული ქვეყნის რიგებში. აღნიშნული საუკუნე ევროპაში ახალი იდეოლოგიის წარმოშობით ,,ლიბერალიზმით“ იწყება და ხასიათდება. ტერმინი „ლიბერალიზმი“ 1812 წლიდან გამოიყენება, მას ლათინური ძირი აქვს და თავისუფლებას ნიშნავს. ლიბერალიზმი ინგლისში წარმოიშვა და დაუპირისპირდა ტრადიცულ მონარქიულ წყობას, რადგანაც მონარქებს ძალაუფლებასთან ერთად ცდუნება გაუჩნდათ თავიანთ მოვალეობებში გაეერთიანებინათ სასულიერო პირების მოვალეობებიც, ანუ მიწიერისა და ზეციური ძალაუფლების მატარებლები გამხდარიყვნენ. სწორედ ამ პროცესს დაუპირისპირდა ჯონ ლოკის ლიბერალური აზროვნების ნაშრომი „ორი ტრაქტატი მმართველობაზე“, რომლის მიხედვითაც, პიროვნებებს გააჩნიათ სრული თავისუფლება ესწრაფოდნენ საკუთარ ბედნიერებას. ლიბერალური აზროვნება ეყრდნობა სამ ძირითად ღირებულებას: 1) ყველა მოსაზრებას თანაბრად აქვს არსებობის პრეტენზია. 2) საკუთარი თავის საკუთრება, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან. 3) დაიცავი ისე, რომ ღირსება არ შეულახო. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლიბერალების თეორიის მიმდევართა დამოკიდებულება ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობაზე. ანტიკური სამყარო არ იცნობდა ადამიანთა თანასწორობას. ამიტომაც არსებობს მოსაზრება, რომ ლიბერალიზმი ქრისტიანულ წიაღში შეიძლება ჩამოყალიბებულიყო. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ - ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები ეფუძნება ქრისტიანული მსოფლმხედველობის ზოგიერთ ასპექტს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში დაისვა საკითხი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ, რადგანაც იმ დროისათვის ქალებს ეკრძალებოდათ განათლების მიღება, არ ჰქონდათ ხმის ამოღების, მამაკაცთან დალაპარაკების, მუშაობის, პოლიტიკური კარიერის უფლება, მაგ.: ინგლისში ისმოდა კითხვა - არიან თუ არა ქალები ადამიანები? ის, ვინც პირველად ქალების დამცველად ინგლისის თემთა პალატას მოევლინა, ჯორჯ სტიუარტ მილი იყო. მან 1867 წ. 20 მაისს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ქალებისთვის ხმის უფლების დაკანონება მოითხოვა პალატა განაცვიფრა მილის ასეთმა წინადადებამ, დასცინეს კიდეც ჯენტლმენ მილის იმის გამო, რომ ქალების დაცვას ითხოვდა. 1869 წ. მილმა გამოაქვეყნა შრომა „ქალთა დაქვემდებარება“, რომელშიც წერდა: „ქალთა დაქვემდებარებული მდგომარეობა ისტორიულად დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს არგუმენტს, რომელიც გაამართლებს ამ მდგომარეობას მომავალშიც.“ მილი ნაშრომში საუბრობს ქორწინებაში მყოფი ქალების უუფლებობაზე, ასევე ქალთა შესაძლებლობებზე, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ მრავალი სამუშაო. მილის ამ ნაშრომმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მრავალ ენაზეც ითარგმნა. ქართველ ქალთა გააქტიურება 1860-იანი წლებიდან აღინიშნება, მაგრამ რა საშუალება, რა სივრცე იყო მაშინ იმისთვის, რომ ქალებს თავიანთი აზრი გამოეთქვათ და საზოგადოებისთვის გაეცნოთ? მხოლოდ იმდროინდელი პრესა: „მნათობი“, „ცისკარი“, „დროება“ - ესაა ის ჟურნალები, რომლებშიც ქალთა ემანსიპაციის საკითხი წამოიჭრა და განისაზღვრა კიდეც საზოგადოების გონებრივი მიმართულება. ახალ თაობას სურდა, ეროვნული ფასეულობების დაცვით „ევროპეიზაციის“ პროცესში ჩართულიყო. ,,ძირიანად უნდა შეიცვალოს ქალის აღზრდის საქმე, უნდა გავუღოთ მათ სამოქალაქო ცხოვრების კარი, ავარჯიშეთ ქალის ნიჭი ისე როგორც ავარჯიშებთ კაცისას და თქვენ დაინახავთ, რისი შემძლებელიც არის ქალი. ჩვენ ვითხოვთ ისეთ თანხმობასა და შეთანასწორებას, როგორიცაა მუსიკალური ჰარმონია, უნდა მოვეპყროთ მათ, როგორც ტოლი-ტოლს“. ეს იყო საკითხი, რომელსაც შემოჰქონდა ახალი სხივი საზოგადოებაში, პოლიტიკაში, თეატრში, მწერლობასა და ოჯახში.
Keywords
ქართველი ქალები, ემანსიპაცია, ლიბერალიზმი