საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
PhD
n.khundadze@ug.edu.ge
აბსტქარტი
ენქის (ეას) ატრიბუტი - ლარნაკი და მისგან ამოფრქვეული წყლის ორი სიმეტრიული ნაკადი, რომელიც ევფრატსა და ტიგროსს, ასევე კოსმიურ სიბრძნეს განასახიერებდა - საუკუნეების განმავლობაში რამდენიმე ფუნდამენტურ სიმბოლოდ ტრანსფორმირდა. შადრევანი არის სიცოცხლის, ენერგიის, განწმენდისა და ღვთაებრივი წყალობის მძლავრი სიმბოლო, რომელიც აკავშირებს დედამიწას (სადაც წყალი ეცემა) ცასთან (საიდანაც წყალი, სიმბოლურად, მოდის). ხელოვნებაში შადრევანი არა მხოლოდ დეკორატიული ელემენტი, არამედ ძლიერი მეტაფორაა, რომელიც ეპოქების მიხედვით იცვლებოდა. ხელოვანები მას იყენებენ როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სამყაროს გამოსახატად. ნაშრომში განხილული იქნება, თუ როგორ ტრანსფორმირდა ეს სიმბოლო საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში, რა ფორმა და მნიშვნელობა შეიძინა და როგორ განსახიერდა სახვით ხელოვნებაში. როგორ იქცა შუმერული კოსმიური სიბრძნე, ქართულ და ზოგადად ქრისტიანულ გამოსახულებებზე ფსალმუნის მეტაფორად: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!" - ფსალმუნი 41;1. შუმერული სიბრძნე ქრისტეს მოძღვრებად წარმოჩნდა?! მოხსენებაში უძველეს შუამდინარულ აზროვნებასა და მოდერნიზმის ხელოვნებას შორის გამოვლენილ სიღრმისეულ კავშირზე იქნება მსჯელობა: მალევიჩის „შავი კვადრატი“ შეიძლება ჩაითვალოს იმ არქაული იდეის უკიდურეს წერტილამდე მიყვანილ გამოხატულებად, რომლის მიხედვითაც ყველაფერი წყვდიადიდან/არაფრიდან იღებს სათავეს. შუმერულ კოსმოლოგიაში სწორედ მიწისქვეშა, უხილავი ოკეანე - აბზუ (რომლის მბრძანებელიც ენქია) - არის ის წყვდიადი, საიდანაც ნებისმიერი ფორმა და სიცოცხლე იბადება. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ „შავი კვადრატი“ სხვა არაფერია, თუ არა ამ არქაული, მესოპოტამიური „ნაყოფიერი უფსკრულის“ (Fertile Void) მოდერნისტული თარგმანი, სადაც სიბნელე არის არა სიკვდილი, არამედ სიცოცხლისა და სინათლის პოტენცია. რელიგიის ისტორიკოსის მირჩა ელიადეს თეორიაზე დაყრდნობით, ხელოვნებათმცოდნეები შავ კვადრატს განმარტავენ, როგორც „Illud Tempus“ (იმ პირველად დროს), როდესაც სამყარო ჯერ კიდევ არ იყო ფორმირებული. ენქის მიერ წყლის ნაკადების გამოშვება და მალევიჩის მიერ შავი კვადრატიდან ახალი გეომეტრიული სუპრემატისტული სამყაროს წარმოქმნა განიხილება, როგორც ერთი და იგივე რიტუალური აქტი - ქაოსის (სიბნელის) გარდაქმნა კოსმოსად (წესრიგად). შესაბამისად, ციფრული პიქსელი ამ არქაული ჯაჭვის სრულიად ლოგიკურ და თანამედროვე გაგრძელებად შეიძლება განვიხილოთ. თუ ენქისთვის საწყისი წყლის წვეთი იყო, მალევიჩისთვის - შავი კვადრატი, თანამედროვე სამყაროსთვის ეს საწყისი ბინარული კოდი და პიქსელია. ეს შეიძლება ითქვას, არის არქეტიპული აზროვნება - როდესაც ადამიანის გონება ათასწლეულების მანძილზე ერთი და იმავე ფუნდამენტურ სიმბოლოებს სხვადასხვაგვარად განასახიერებს, სხვადასხვა ფორმით „მოსავს“. 1. ენქი (შუმერი): ფიზიკური წყალი და კოსმიური სიბრძნე, როგორც გადარჩენის საწყისი 2. ქრისტიანული ხელოვნება და ვან ეიკი (რენესანსი): სულიერი სინათლე და „წყალი ცხოველი“, როგორც სულის გადარჩენა 3. მალევიჩი (მოდერნიზმი): ფორმის გაშიშვლება „შავ კვადრატამდე“, დაბრუნება პირველსაწყის წყვდიადთან 4. პიქსელი (ციფრული ერა): ინფორმაციული ნაკადი და ბინარული წესრიგი, სადაც „არაფერი“ (0) და „რაღაც“ (1) ქმნის ახალ რეალობას. 5. ამ ჯაჭვის მსგავსი გააზრება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი დღევანდელი ციფრული სამყარო ისეთივე „მითოლოგიურია“, როგორც ძველი შუმერი - ჩვენ კვლავ ნაკადებს მივყვებით, კვლავ სიმეტრიას ვეძებთ და კვლავ ვფრთხილობთ (ან გვიზიდავს) იმ „შავ კვადრატთან“, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
Keywords
შუამდინარეთი, ენქი, სიმბოლოთა ტრანსფორმაცია, სახვითი ხელოვნება, შუა საუკუნეების ხელოვნება, რენესანსის ხელოვნება, მოდერნიზმის ხელოვნება, მალევიჩი, შავი კვადრატი, პიქსელ არტი