შპს საქართველოს უნივერსიტეტი

მოწვეული ლექტორი

წყაროთმცოდნეობა

დოქტორი 

თბილისი/საქართველო

t.zaridze@ug.edu.ge


Abstract

საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა XIX საუკუნეში პოლიევქტოს კარბელაშვილის საარქივო მასალების მიხედვით XIX-XX სს-ბის მიჯნაზე მოღვაწე დეკანოზის, პოლიევქტოს კარბელაშვილის სამეცნიერო-შემოქმედებითი მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მისი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენდა აღმოსავლეთ საქართველოს საისტორიო და საეკლესიო მასალების შესწავლა-მოგროვება. მის საარქივო დოკუმენტებში, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივში, ვრცელი მასალა გვხვდება ქართული ეკლესიის არასახარბიელო და მძიმე მდგომარეობაზე მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა. ამ საკითხში ინფორმაციულობით გამოირჩევა სცსა, ფ. 1461, აღწ. 1 - საქმე N37 და N51. აღსანიშნავია, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილი, როგორც სასულიერო მოღვაწე, განსაკუთრებულად განიცდიდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვასა და რუსეთის სინოდზე მის დაქვემდებარებას. იგი მთელ პრობლემას რუსულ მმართველობასა და მისი გავლენით ეკლესიის და სამღვდელო პირთა როლის/ფუნქციის გაუფასურებაში, ათეიზმისა და ურწმუნოების მომძლავრებაში ხედავს. შესაბამისად, მეტად კრიტიკულია რუსული ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკისა და მათ მიერ ეკლესიაში გატარებული რეფორმების მიმართ. პ. კარბელაშვილის საარქივო მასალებში გვხვდება მრავალი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა ეკლესიებისთვის ქონების ჩამორთმევა და როგორ ნიავდებოდა ქართული ეკლესიის საგანძური. ავტორი ასევე აღნიშნავს, რუსული ხელისუფლების წყალობით, რა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საეკლესიო მოღვაწენიც. თავისი თანამედროვე პერიოდის ეკლესიის დაკნინებულ მდგომარეობას და საზოგადოებაში დამყარებულ ანტირელიგიური განწყობის მთავარ საფუძველს, პ. კარბელაშვილი ქართული სამღვდელოების არასწორ განათლებაში ხედავდა, რომელსაც ისინი სასულიერო სემინარიაში იღებდნენ. შესაბამისად, იგი მეტად მწვავედ აკრიტიკებს თავის თანამედროვე პერიოდის საეკლესიო ცხოვრებას და სამღვდელოებას. მიაჩნია, რომ მათ დაკარგეს ისტორიული მიზანი და აღარ ზრუნავდნენ არც ეკლესიის განმტკიცებაზე და არც მოსახლეობის სულიერ აღზრდაზე. მთავარ პრობლემად მაინც, ისევ და ისევ სასულიერო პირთა არასათანადო აღზრდა და სწავლება მიაჩნდა. პ. კარბელაშვილი თავის ჩანაწერებში მკაფიოდ უსვამს ხაზს, თუ როგორ ებრძოდა რუსული ხელისუფლება ქართული ენის სწავლებას სასულიერო საზოგადოებაშიც კი. პირდაპირ უთითებს, რომ ბერძნულ-ლათინურ ენებს მეტი პრივილეგია ენიჭებოდა სწავლების პროცესში. შესაბამისად, ამ ენების მასწავლებელთათვის ხელფასებიც მეტი იყო გამოყოფილი. თუმცა, იგივე მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ ქართული საეკლესიო წირვა-გალობის პედაგოგები. პ. კარბელაშვილის თვალსაზრისი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა XIX საუკუნის საქართველოს ეკლესიისა და მის მოღვაწეთა მდგომარეობის გასაცნობად და შესასწავლად, ვინაიდან იგი იყენებდა მრავალრიცხოვან წყაროებს. ამასთანავე, როგორც მოვლენათა უშუალო თვითმხილველი და მონაწილე გვაწვდის ინფორმაციებს, რაც მისი ცნობების სანდოობას კიდევ უფრო ზრდის.


Keywords

პოლიევქტოს კარბელაშვილი, საქართველოს ეკლესია, XIX საუკუნე