ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ყოფილ კოლექციაში (H ფონდი) დაცული რამდენიმე ხელნაწერის შესახებ
მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1907 წელს, შეიქმნა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის დაარსების მიზანს წარმოადგენდა ისტორიულ, არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, ლიტერატურულ და ეთნოგრაფიულ ნიმუშებთან ერთად ხელნაწერების მოძიება, შეგროვება და შესწავლა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ყოფილ კოლექციაში (H ფონდი) დაცულია რამდენიმე ხელნაწერი H 293, H 414, H 916, H 2156, H 2217, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ეპოქაში გადაწერილ კრებულებს, მათში ძირითადად სამედიცინო, ვეტერინარული და საბუნებისმეტყველო შინაარსის მასალაა თავმოყრილი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი H 293 წარმოადგენს კულინარიული შინაარსის თხზულებას, რომლის დარგობრივი ატრიბუცია კვლევის პროცესში გაფართოვდა. კულინარიული რეცეპტები აღმოჩნდა საინტერესო ქიმიურ-პრაქტიკული ცოდნის თვალსაზრისით, ვინაიდან მათში მოცემულია სპირტიანი ტკბილი სასმელების - ლიქიორებისა და რატაფიების - დაყენების/მომზადების ტექნოლოგია. ასევე კვლევის პროცესში დადგინდა აღნიშნული ხელნაწერის - H 293 - პირველწყარო, კერძოდ, ბაგრატ ბატონიშვილის (1776-1841), ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილის, კულინარიული წიგნი „წიგნი ესე საუკეთესოთა სანოვაგეთა, შაქარლამათა, და სასმელთა შესამზადებელი“, რომელიც გამოიცა პეტერბურგში 1818 წელს.
თემატური კრებულები H 916, H 2156, H 2217 მოიცავს ინფორმაციას ინფექციური დაავადებების (ყვავილი) შესახებ, ავადმყოფის ძველ საქართველოში მიღებულ მკურნალობის მეთოდოლოგიას, ვეტერინარულ ცოდნას.
ამასთან თუ H 293, H 916, H 2156, H 2217 კრებულები თემატურია, H 414 კრებული შერეულია და ვეტერინარულ ცოდნასთან ერთად მოიცავს ხალხური მკურნალობის ხერხებს, ასევე საკითხავებს კურთხევანიდან.
საკვანძო სიტყვები: საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, ხეც (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) H ფონდი, ხელნაწერი, კულინარიული თხზულება, ლიქიორი, რატაფია, ბაგრატ ბატონიშვილი, თემატური კრებულები, ქიმიის ისტორია, ვეტერინარიის ისტორია.